LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატა ვიბლიანის ისტორია და მისი სიმამაცე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტრავმისგან გათავისუფლებასა და სიმართლის თქმას ვადა არ აქვს…“ – ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე ნატა ვიბლიანის საქმეზე

255
ნატა ვიბლიანი, ნინი დგებუაძე

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

„ერთი დღეც არ დამიმალავს…“ – რას ამბობს ნატა ვიბლიანი 50 000 ევროს ჩანაწერთან დაკავშირებით და რას პასუხობს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი

„სვანეთში თუ ვინმე არის შემდგარი ადამიანი, ვაჟკაცი, ყველამ იცის, რომ ამ ფულთან დაკავშირებით ყველას ვუთხარი, ყველამ მომიწონა საქციელი და მითხრეს, რომ სწორად ვიქცევი“ – განაცხადა ნატა ვიბლიანმა.

ნატა ვიბლიანის მიერ საჯაროდ მოყოლილმა მძიმე ისტორიამ, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ნატა ვიბლიანის ისტორიას და მის გარშემო გაჩენილ საზოგადოებრივ რეაქციებს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„საზოგადოების რეაქცია („მაშინ რატომ არ თქვი?“) არის სწორედ ის, რისიც მსხვერპლს წლები ეშინია. ამას ჰქვია ხელახალი ტრავმირება საზოგადოების მხრიდან. სანამ მსხვერპლი არ დარწმუნდება, რომ მის ხმას შეიძლება რაიმე ღირებულება ჰქონდეს ან სხვა მსხვერპლების მაგალითს არ დაინახავს, ის დუმილს არჩევს.
ხმის ამოღება წლების შემდეგ არ ნიშნავს, რომ ტყუილია ან „ახლა დასჭირდა“ – ეს ნიშნავს, რომ მსხვერპლს მხოლოდ ახლა აღმოაჩნდა საკმარისი ფსიქოლოგიური რესურსი, სიმამაცე და უსაფრთხოების განცდა, რომ საკუთარ ტრავმას შეხედოს და ხმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამოიღოს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტრავმის, განსაკუთრებით კი სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის განცდის შემდეგ, ხმის ამოღებასა და აღიარებას შორის წლების დაშორება აბსოლუტურად ნორმალური, კანონზომიერი და ხშირად გადარჩენის ერთადერთი მექანიზმია.
ძალადობის მომენტში და უშუალოდ მის შემდეგ, ტვინის გადარჩენის ინსტინქტები ირთვება. როდესაც საფრთხე დიდია და მსხვერპლი ვერ ებრძვის ან ვერ გაურბის მოძალადეს, ირთვება Freeze (გაშეშება) ან Fawn (დანებება/ყოფნა გადარჩენისთვის).
ტრავმის შემდეგ ადამიანი გადადის „გადარჩენის რეჟიმში“ მისი მთავარი ამოცანაა, ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორმე ფუნქციონირება გააგრძელოს.
ხმის ამოღება, კონფრონტაცია და ამბის გაცხადება მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და უსაფრთხოების განცდას, რაც ახლად მომხდარი ტრავმის დროს ადამიანს უბრალოდ არ გააჩნია.
ფსიქიკა, რათა ნგრევას გადაურჩეს, იყენებს დისოციაციას ტრავმული გამოცდილების „გამოყოფას“ ყოველდღიური ცნობიერებისგან. ადამიანი თითქოს გვერდზე დებს ამ მოგონებას, ინახავს „ფსიქიკურ სეიფში“ და ცდილობს ისე იცხოვროს, თითქოს არაფერი მომხდარა.
წლების შემდეგ, როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად მწიფდება, პოულობს საყრდენს ან უსაფრთხო გარემოს, ეს „სეიფი“ იხსნება და ფსიქიკა მზაობას გრძნობს, გადაამუშაოს ის რისი გადამუშავებაც მაშინ შეუძლებელი იყო.
მოძალადეები ხშირად იყენებენ გასლაითინგს (Gaslighting) და მანიპულაციას: „შენი ბრალია“, „შენ გამომიწვიე“, „არავინ დაგიჯერებს“.
მსხვერპლი წლების განმავლობაში იტანჯება ილუზიით, რომ შესაძლოა თვითონაც რაღაც დააშავა. ამ სირცხვილის და შინაგანი დანაშაულის გრძნობის გააზრებას, დაშლას და იმის მიხვედრას, რომ პასუხისმგებლობა სრულად მოძალადეზეა, ხშირად წლები და ხანგრძლივი თერაპიული მუშაობა სჭირდება.
როდესაც მსხვერპლი არის ახალგაზრდა, დაუცველი, ფინანსურად ან სოციალურად დამოკიდებული, მას არ აქვს რესურსი, დაუპირისპირდეს მოძალადეს ან საზოგადოებრივ აზრს.
რატომ ახლა? ახლა ადამიანი შეიძლება იყოს უფრო დამოუკიდებელი, ჰყავდეს მხარდამჭერი წრე, ჰქონდეს ფინანსური თუ ემოციური სტაბილურობა, რაც აძლევს ძალას, თვალი გასწოროს წარსულს.
როდესაც მსხვერპლი წლების შემდეგ პოულობს ძალას და თავის მძიმე გამოცდილებაზე საუბრობს, საზოგადოების მხრიდან ერთადერთი ადეკვატური და ჯანსაღი რეაქცია არის მხარდაჭერა და მოსმენა და არა გამომძიებლის როლში ჩადგომა.
კითხვა- „ახლა რატომ?“ თავისი არსით არის დანაშაულებრივი და მოძალადის პოზიციის გამყარება.
როდესაც საზოგადოება ეჭვქვეშ აყენებს აღიარების დროს, ის სხვა მსხვერპლებსაც უგზავნის სიგნალს, რომ ხმის ამოღება უსაფრთხო არ არის.
ნატა ვიბლიანის ისტორია და მისი სიმამაცე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტრავმისგან გათავისუფლებასა და სიმართლის თქმას ვადა არ აქვს. ხმის ამოღების დრო მაშინ დგება, როდესაც მსხვერპლი გადარჩენიდან გააზრებამდე მიდის.
ჩვენი ვალია, გარემო გავხდეთ ისეთი, სადაც სიმართლეს მხარდაჭერა დახვდება და არა დაკითხვა. სრული მხარდაჭერა ნატას და ყველა ქალს, ვინც საკუთარი ტრავმის ხმამაღლა თქმა შეძლო!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ნინი დგებუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები