LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ჩხეიძე სახლში რესტორანს ხსნის – „მანქანა აღარ გავყიდე, მე დამრჩა…“

11836
ნატალია ჩხეიძე

„მასტერშეფის“ მონაწილე, ნატალია ჩხეიძე და მისი მანქანა, რომელსაც სასწრაფოდ ყიდდა საჭიროების გამო, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. ნატალია არ ელოდა, რომ მის განცხადებას მანქანის გაყიდვის თაობაზე ამდენი ადამიანი გამოეხმაურებოდა, ზოგი – უარყოფითად.

საბედნიეროდ, მას მანქანის გაყიდვამ აღარ მოუწია, რადგან მეგობარმა გაუმართა ხელი ფინანსურად და ასესხა თანხა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდებოდა…

ნატალია ჩხეიძე:

ბანკს მიჰყავდა ჩემი მანქანა და სასწრაფოდ მინდოდა გაყიდვა. ჩვენს ბიზნესს პანდემიამ ძალიან დაარტყა. სასტუმროს და რესტორნების ქსელები, ვისაც ჩვენ ვემსახურებოდით და უნიფორმებს ვუკერავდით, დაიხურნენ. ჩვენი, სამკერვალო სექტორი ასე დახურული არ არის, მაგრამ აზრი არ აქვს, მაინც დახურულები გამოვდივართ.

რა ვიცოდი, რომ პანდემია იქნებოდა? მანამდე ვიყიდეთ სამსართულიანი შენობა ფაბრიკისთვის, წამოვიწყეთ რემონტი და გადასვლა კი მოვასწარით, მაგრამ ნაწილი გასარემონტებელი დარჩა. ამხელა ვალი, კრედიტები, რემონტისთვის გათვლილი ხარჯები, ყველაფერი უნდა ამომეღო მაქსიმუმ წელიწადნახევარში. ამას დარწმუნებით იმიტომ ვამბობ, რომ დიდი ხანია, ამ საქმეს ვმართავ, 1998 წლიდან ეს სამკერვალო ჩემს ოჯახს ეკუთვნის, 2006 წლიდან კი მშობლებმა მე გადმომიფორმეს, თუმცა ოჯახის ყველა წევრი იქ მუშაობს. არავინ სხვაგან არ მუშაობს, ჩემი მშობლები, შვილი, ძმა, მეუღლე…

ბანკი არანაირად არ დაგვიდგა გვერდში, არა მხოლოდ მე, არამედ ბიზნესში ჩართულ სხვა ადამიანებს, არ გაითვალისწინეს პანდემიით გამოწვეული პრობლემები. არ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ ვერ ვიხდიდით თანხას. თავის დროზე 30 000 დოლარის პრობლემა მქონდა, რომელიც გადამიწყვეტდა ბევრ საკითხს და გადამატანინებდა პანდემიის პერიოდს, მაგრამ ვალი გამეზარდა 130 000 დოლარამდე, ბანკი თვითონაც დაზარალდა და მეც დამაზარალა.

ახლა, როცა შეკვეთები წამოვიდა, ნელ-ნელა ისევ დავიწყეთ ვალის გადახდა, მაგრამ მანქანის გაყიდვა იმისთვის მჭირდებოდა, რომ მომეპოვებინა ერთიანი თანხა ბიზნესში ჩასაბრუნებლად. მანქანის გაყიდვას მანამდე საიტებით ვცდილობდი, მაგრამ არ გაიყიდა. მეგონა, ბანკი არ გამწირავდა და მანქანას არ წაიყვანდა. ახალი მანქანის ყიდვა ფუფუნების გამო არ გადავწყვიტე. მისი ფასი 70 000 დოლარია, ის ნაწილობრივ ბანკით ვიყიდე იმისთვის, რომ მუდმივად ხელოსნებში არ მერბინა. მოიხმარს ცოტა საწვავს და მართლაც არ ვყოფილვარ სალონებში ხელოსნებთან. ამის გამო მირჩიეს „ტოიოტა“, თორემ მანამდე მე სულ „ბეემვე“ მყავდა. საქმისთვის მაწყობდა და ამის გამო ვიყიდე, პროდუქცია მიმქონდა, მომქონდა და ა.შ. 14 წლიდან დიდი შრომა მიწევს და ვფიქრობ, რომ ჩემი თავისთვის შემეძლო უფლების მიცემა, რომ კარგი მანქანა შემეძინა. ბანკმა კუთხეში მიმიმწყვდია. არ გამიაზრებია, რომ ამ პოსტს ბევრი გაიზიარებდა. ოღონდ ბანკს არ წაეყვანა და თავისი არ გაეტანა, ისე ვიყავი გამწარებული. ამ პოსტმა მოიარა მთელი საქართველო. გამოჩნდა ჩვენი ოჯახის ბავშვობის მეგობარი, რომელმაც მასესხა 10000 დოლარი, რომელიც საქმისთვის მჭირდებოდა და ვიმყოფინებდი. კარგი ის გამოიწვია ამ პოსტმა, რომ მეგობარმა, რომელმაც არ იცოდა ჩემი პრობლემის შესახებ, ხელი გამიმართა და მანქანა დამრჩა, გაყიდვამ აღარ მომიწია.

გილოცავთ. სხვა ბიზნესის დაწყება ხომ არ გიცდიათ?

ვფიქრობ კარგ პროექტზე, რომელზეც ჯერჯერობით ვერ გესაუბრებით. სიახლე წარმოებაში ის გვაქვს, რომ დავამატეთ ინდივიდუალური კერვის სერვისი. პროფესიით მოდელიერ-დიზაინერი ვარ და ბევრი მეხვეწებოდა, როდის უნდა გააკეთო შენი ხაზიო. ყველას მოსწონდა ჩემი ტანსაცმელი, ათიდან ცხრას, ამიტომ სულ მინდოდა თავადაც, თუმცა იმდენად შრომატევადი საქმეა, აქამდე არ მქონია დრო, რომ კოლექცია გამეკეთებინა. ახლაც ვერ მოვამზადე კოლექცია, სადაც ჩემს განსხვავებულ სტილს გავაცნობდი საზოგადოებას. გადავწყვიტე, კოლექციის გარეშე დავამატო ინდივიდუალური კერვის ხაზი, პანდემიის შემდეგ კი შემოგთავაზებს ჩემს ნამუშევრებს. ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, თავადაც შეუძლია შეარჩიოს მოდელი და მეც შემიძლია, ვურჩიო.

კულინარიას არ უკავშირდება ბიზნესიდეა?

ამის გამხელა ნამდვილად შემიძლია. „მასტერშეფმა“ ბევრი ნიუანსი მასწავლა და სხვანაირად შემახედა ბევრ რამეს, პირველ რიგში, მასწავლა დროის კარგი განაწილება. 400-კაციანი სუფრაც რომ მომზადებულა ჩვენთან ოჯახშ, ვინაიდან სულ სტუმრები გვყავს, სამზარეულოში ამას ვერ იგრძნობდი, რადგან ყველაფერი ირეცხებოდა იმავე მომენტში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ავჩქარდი… იმდენად ბევრ ადამიანს უყვარს ჩემი კერძების დაგემოვნება და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს რამე არ მოსწონებოდა, გადავწყვიტე, ჩემს სახლში, მეცხრე სართულზე, გავაკეთო განსაკუთრებული კონცეფციის რესტორანი. როგროც იცით ჩიკას და შაგუს სახლი “ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ჩემი სახლია. ამ სერიალმა, ზოგადად, თავისი დიდი სიტყვა თქვა და მიხარია, რომ მისი ისტორიის ნაწილი გახდა. მინდა, გამოვიყენო ეს შანსი. სახლური რესტორანი მინდა გავაკეთო, სადაც სიყვარულით მომზადებული სადილებით გავუმასპინძლდები სტუმრებს. ახლა ვმუშაობთ მენიუზე. წინასწარ დაჯავშნიან ადგილს. ხორცეულში აქცენტს ნანადირევ მწყერზე გავაკეთებ. მწყერი არის ერთადერთი ფრინველი, რომელიც არ ავადდება და ამიტომ ყველაზე სუფთა ფრინველია, ყველაზე სუფთა ხორცით, ნანადირევი კიდევ უფრო სხვა საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა. მთავარ მენიუში ის იქნება სხვადასხვა ვარიაციით. რესტორანს გავხსნი გაზაფხულზე, როცა დათბება, ალბათ, პირველი მაისიდან.

ეს სახლი როგორ შეიძინეთ?

სახლის ყიდვა საერთოდ არ მქონდა გადაწყვეტილი. საქმისთვის ვაპირებდით შენობის შეძენას, მაგრამ დედაჩემმა ნახა განცხადება, რომ ძალიან დაუჯერებელ თანხად იყიდებოდა ბინა, 500 კვ.მ-ით, რომლის პირველი სართული უკვე გარემონტებული იყო. 175 000 დოლარი ღირდა. ბანკს მივმართე, როგორც კარგმა გადამხდელმა და გადაწყვიტეს, რომ მისი ყიდვა დაეფინანსებინათ, თუმცა გაირკვა, რომ ბინა რამდენჯერმე იყო გაყიდული მისი მფლობელის მიერ, ბანკმა ის გამოისყიდა სხვა ბანკისგან და მევახშეებისგან და როგორც იქნა, შევისყიდეთ. პირველი სართულის დიზაინი მის მიხედვით დავასრულეთ, მეორე კი მთლიანად თავად მოვაწყვეთ, ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ, მათ შორის ის ცნობილი საძინებელიც, რომელიც სერიალში ხშირად ჩანს. „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდის ერთ-ერთი წევრი ჩვენთან შემთხვევით მოხვდა სტუმრად, ძალიან მოეწონა ბინა და გვთხოვა, გადაღებებისთვის დაგვეთმო. თავიდან არ მქონდა დიდი სურვილი, მაგრამ შემდეგ ხათრით დავთანხმდი და არც მინანია, რადგან დილას გავდივართ, საღამოს შემოვდივართ და როცა გადაღებებია, სახლს ზუსტად ისევე მახვედრებენ, როგორც ვაბარებ. ასეთი მოწესრიგებული გუნდი ერთად როგორ შეიკრიბა, 40 კაცი მოდიოდა და ვერც იგრძნობდი, რომ სახლში ვინმე იყო. მცირე ხანს გადაღებები შეწყდა, მერე კი ისევ დაბრუნდნენ. ვერასდროს უარს ვერ ვეტყვი. ახლა იმდენად მივეჩვიე, როცა გადაღებები არ არის, ცუდად ვხდები. „ჩემი ცოლის დაქალებში“ თავადაც მივიღე მონაწილეობა.

ჩიკასთან რაიმე საერთო გაქვთ?

მგონი, არა, მე დიდად ვერ ვამსგავსებ საკუთარ თავს, მაგრამ ამბობენ, ძალიან ჰგავხარო. ასეთი გადარეული ხარ შენცო. მეტი კონკრეტიკა არ მსმენია. ზოგადად, კინოს პერსონაჟები იმისთვის იქმნებიან, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი ამოიცნონ, მაგრამ ჩემს თავს ერთი ერთში ნამდვილად ვერ ვხედავ.

ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?

ჩვენმა მეგობარმა იმდენად გაგვიმართა ხელი… ბავშვობიდან შემიძლია ერთი დოლარი ათას დოლარად ვაქციო, ათი ათასი კი ასი ათასდ. პრობლემები ნელ-ნელა დავფერთხე. წამოვიდა შეკვეთები. როგორც ჩანს, პანდემიის ბოლო პერიოდია და ხალხმა იცის, რომ გაიხსნებიან და უნიფორმებიც დასჭირდათ. კი, როგორ არ გვაქვს პრობლემები, მაგრამ უკვე გადაუჭრელი არაფერი!..

სეთ გადარეულ ქალს მეუღლე მაინც მშვიდი გყავთ?

უიმე, არა. დიტო ჩემზე გადარეულია. იმ დღისთვის, როცა მე გავიცანი დიტო, ღმერთს ყოველდღე ვუხდი მადლობას. ის ძალიან ახალგაზრდა ასაკში გავიცანი და გაცნობიდან სამ კვირაში გავყევი ცოლად, იმდენად დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ის ერთადერთი იყო… 17 წლისამ გავაჩინე შვილი… არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანს ასე გაუმართლოს. ცხოვრებაში ვერაფერზე ვწუწუნებ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პრობლემა მაქვს… როცა ეკლესიაში სანთლის დასანთებად შევდივარ, ღმერთს სულ იმას ვამბობ, გამომიგზავნე საშრომი თუ განსადცელი, მე გადავლახავ, მაგრამ მტავარია, რომ გვერდით დიტო მყავს. გოგო რომ მყოლოდა, დიტოსნაირ ქმარს ვისურვებდი მისთვის. თანამეგზური, მეგობარი, გამგებიანი… იმდენად ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაში, რომ ხმამაღლა ვერ ვსაუბრობ სამსახურის პრობლემებზე. ვუყურებ, გარშემო ბევრს აქვს პირადი პრობლემები მოსაგვარებელი და მერე დანარჩენი. 22 წელია, ერთად ვართ და კრიზისულ პერიოდსაც ვერ ვიხსენებ… ორივე აქტიური ადამიანი ვართ და როგორ არა, კონფლიქტიც გვქონია სამსახურში, მაგრამ იმის იქით არ წასულა. ოჯახში ძალიან გამიმართლა, შვილსა და მშობლებში…

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები