მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტს 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე ზრდის – ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებას დღეს ამცნო.
ნათია თურნავას თქმით, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, აქტივობა კი მდგრად დონეზე ნარჩუნდება.
„ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიც გამოაქვეყნა. დოკუმენტი ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობასა და რისკებს აანალიზებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი.
