„ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ“, – ამ განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის თქმის გამო ნატო-ს წევრი ქვეყნების უარი გააკრიტიკა.
მისივე განცხადებით, „ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი და დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ უკრაინაზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს“.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები – “დიდი შვიდეული”
„ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ აგრეთვე დაადასტურეს, რომ რუსეთს შეტევის გაგრძელება სურს. როგორ შეიძლება? იმის გაგებით, რომ ახალი შეტევები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატო-მ შეგნებულად გადაწყვიტა არ დაეხურა საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოსდა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ. ეს არის თვითჰიპნოზი მათთვის, ვინც სუსტი, დაუცველი არის შინაგანად, მაგრამ ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობს. თქვენ ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. იმ შეხვედრაზე რაზე ფიქრობდით? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება – თქვენ გამო დაიღუპება. თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო. ალიანსმა დღეს რაც გააკეთა – საკუთარი შესყიდვების სისტემიდან 50 ტონა დიზელის საწვავის გადაცემა იყო უკრაინისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა შევძლოთ? უკეთესად დაიწვას? მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ევროკავშირის სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა: ბორელი