ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს გუშინ, 7 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.
მარიტა მაზიაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნიკოლოზი მეუღლეს წლების წინ დამახინჯებით დაემუქრა.
„14 წლის წინ გავიცანი, ერთი პატარა ციდა გოგოო, სიცოცხლეზე და სამყაროზე შეყვარებული. ერთ დღეს მწერს პააწ, ნახე ერთი ბიჭი გავიცანი, და მიგდებს სურათს ნიკა ლაჩაშვილის, ფოტოს რომ შევხედე არ მომეწონა ფიზიკურად და ვუთხარი შენ უკეთესს იმსახურებ თქო, შემდეგ გადის თვეები და მწერს, ხაატ, პაწუკა გაგითხოვდა, და ჩემი პირველი სიტყვა იყო არ მითხრა რომ ნიკას გაყევი თქო და კი ნიკასო და მილოცვის მაგივრად გავუბრაზდი.
მერე გავიცანი ნიკა და შეხვედრის დღიდან საშინელი აუტანლობის შეგრძნება მქონდა მის მიმართ, და რაც უფრო დრო გადიოდა უფრო მძაფრდებოდა…ჩემთან ერთად უთხრა ნიკა ლაჩაშვილმა წლების წინ, რომ მარი დაგამახინჯებო, ვერ მოვითმინე და წავკამათდით, ნუ ერევიო ნიკამ.
7 წლის წინ ნათქვამი სიტყვები 2 დღის წინ აგისრულა, ჩემო მარიამოოო…თოკით დაგახრჩოო, 2 დღე საბარგულით გატარა, ჩემო მარიამო, ესეც არ იკმარა და წვიმაში და ქარში ხევში მოგისროლა, დაგამახინჯა მარიამო, ისე მიდიხარ, ისე უნდა გაგაცილოთ, შენს ლამაზ სახეს ვერ ვნახავთ…მიყვარხარ მარიამო, შენს თეკოს არაფერი არ მოაკლდება, არც სიყვარული და არც სითბო, არასდროს, პირობას გაძლევ”, – წერს მარიტას მეგობარი.