„რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი უახლოესი და უძვირფასესი მეგობრის დათო დოიაშვილის ბიოგრაფია კიდევ უფრო მდიდარი და ისტორიული გახდა, რაც დიდი ხელოვანების ხვედრია! ისიც ვიცი, რომ „ახალი თეატრის” დასის ერთობას და სოლიდარობის ენერგიას ვერავინ მოერევა!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი დავით დოიაშვილის „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე წერს.
ვრცელ პოსტში, დოიაშვილის მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერის გარდა, ნიკოლოზ რაჭველი იმ მძიმე მდგომარეობასაც იხსენებს, რა მდგომარეობაშიც ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დოიაშვილმა ჩაიბარა და როგორ გარდაქმნა იგი კულტურის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.
„…ამ ამბებისგან გამოწვეული სიბრაზე სულ მაბრუნებს მოგონებებში, თუ როგორ მდგომარეობაში ჩავიბარეთ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი და საიდან რა გააკეთა ამ ერთმა შეუპოვარმა კაცმა თავისი უკიდეგანო ნიჭით, ჩემთვის შესაშური შრომის უნარით და იდეისადმი თავგანწირული ერთგულებით!
მაშინ, როდესაც მსოფლიო თეატრალურმა საზოგადოებამ გაიცნო და აღიარა დოის თეატრი, მაშინ, როდესაც პრემიერაზე კი არა, რიგით წარმოდგენაზეც კი მაყურებელი თვეებით ადრე უნდა ასწრებდეს ბილეთის „შოვნას”, მაშინ, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო თუ სარეჟისორო ფაკულტეტზე თაობები აბარებენ იმ იმედითა და ოცნებით, რომ დოისთან თეატრში ითამაშებენ ან სპექტაკლს დადგამენ, მაშინ, როდესაც თეატრმა მთელ თეატრალურ სამყაროს ერთდროულად აჩვენა მაგალითი ხარისხის, პროფესიონალიზმის, სიძლიერის და ამავდროულად ოჯახის წევრისადმი უპირობო სოლიდარობის, გადაწყვიტეს, რომ ასეთი რამ არ ჭირდება დღევანდელ საქართველოს, დღევანდელ ქართულ თეატრს, ხელოვნებას!
„დარწმუნებული ვარ რომ ის, რაზეც მან ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია“ – დოიაშვილი რუხაძეზე
დავით დოიაშვილი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
მიზეზი? თურმე რამდენიმე თვეა არ თამაშობენ სპექტაკლებს, ხოლო დასს ხელფასებს ბიუჯეტი (ჩემი და თქვენი გადასახადებიდან!) შეუფერხებლად უხდის. მაშინ ამავე მიზეზით უნდა გაანთავისუფლონ ყველა სახელმწიფო თეატრისა თუ ორკესტრის ხელმძღვანელები, ვინაიდან დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით თითქმის ყველგან შეჩერებული იყო სპექტაკლები და კონცერტები. მარტში კი ასევე ყველამ აღვადგინეთ და მათ შორის „ახალმა თეატრმა”-ც, წარმოებაში ჩაეშვა 4 პრემიერა და პარალელურად თბილისსა და რეგიონებში მანიფესტის ფორმით შედგა ტური სპექტაკლის “მე გადმოვცურავ ზღვას”.
ნორმალურ, ცივილურ სამყაროში მფლობელმა ან დამფუძნებელმა თეატრის მენეჯმენტის შეცვლა რომ დააყენოს დღის წესრიგში უპირველესად, უნდა შეხედოს მისი დასწრების სტატისტიკას… მაგრამ სინამდვილეში ხომ აქ არსაკიძის ისტორიული ამბის ქრესტომათიულ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. ჰოდა ჰგონიათ რომ მკლავი მოსჭრეს!
დიდ ნიჭიერებას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც სიკვდილი, რადგან ახმეტელი დღესაც ცოცხალია და ბერია მკვდარი! დიდხანს იცოცხლოს ჩემმა დოიმ და დანარჩენი არის თავგადასავალი, ზოგჯერ ემოციურად უმძაფრესი, მართლა რთულად გადასატანი, მითუმეტეს, როდესაც დიდ უსამართლობას ეჯახები, მაგრამ მერე ყოველთვის დგება დრო, რომლის დისტანციიდან ყველაფერი მოჩანს, როგორც გაძლიერებისთვის განვლილი საინტერესო გზა. ასე იქნება ახლაც!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე