პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე „აუდის“ საერთაშორისო ფესტივალის შესახებ წერს, სადაც ლიზა ბათიაშვილის მიწვევით, უცხოელი მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი ლვოვის საერთაშორისო ორკესტრთან ერთად წარდგა:
„დღეს თუ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ევროპის მუსიკალურ სამყაროში, მგონია, რომ ერთ-ერთი პირველი გერმანიაში „აუდის“ ფესტივალია, არა იმიტომ, რომ ცნობილი არტისტები მონაწილეობენ და დღეს საღამოს საიმონ რატლის მოსმენა შეგვიძლია. ფესტივალი მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და ჩვენმა ლიზა ბათიაშვილმა, ორგანიზატორებთან ერთად, თანადგომისა და პოზიციის გამოხატვის აქტად აქცია.
გარდა იმისა, რომ გაყიდული ბილეთების შემოსავალი უკრაინელ ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხმარდება, მოიწვიეს ლვოვის სიმფონიური ორკესტრი. გუშინ საღამოს მათი კონცერტი გაიმართა ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობითა და მუსიკალური ხელმძღვანელობით. პროგრამა და შემოქმედებითი ხარისხი ცალკე საკითხია, რაც ნიკასგან დიდი ხანია აღარ გვიკვირს, თუმცა მაინც ძალიან ემოციური იყო მისი, როგორც დირიჟორისა და კომპოზიტორის ასეთი წარმატების მომსწრედ ყოფნა. საკმაოდ თავშეკავებულმა გერმანულმა აუდიტორიამ დაუვიწყარი თანადგომა და სიყვარული გამოუხატა ქართველ მაესტროს ომში მყოფ ორკესტრთან ერთად.
ვულოცავ ლიზას და ნიკოლოზს, მიხარია, რომ ჩვენი პატარა ცოტნეც ჩაერთო სოლიდარობის აქციაში და ველოდები ხვალინდელ დღეს, როცა ბექა გოჩიაშვილი „აუდის“ თანამედროვე, ულამაზეს დარბაზში „დაადუღებს“ ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად“.