ხატია ხოსროშვილის მიმართვას სოციალურ ქსელში ნინი შერმადინი ეხმაურება.
ნინი წერს, რომ ის ვერც ერთ მშობელს ვერ დაემშვიდობა და იცის, რა მძიმეა ეს ყველაფერი.
მომღერალი ითხოვს, იქნებ მოხერხდეს და დედა-შვილი შეახვედრონ ერთმანეთს.
„ძალიან მძიმეა ამის წაკითხვა ჩემთვის, მეგონა რომ ჩემი ულამაზესი დონარა 100 წელი მეყოლებოდა, მეშინია ძვირფასი ადამიანების დაკარგვის, ძალიან გთხოვთ ვისაც ეხება, ადამიანურად გთხოვთ, მე ვიცი, ორივე მშობელზე გამოცდილი მაქვს, როცა ვერ ემშვიდობები, ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, იქნებ შეახვედროთ დედა-შვილი ერთმანეთს. ნეტა შემეძლოს და ჩემი ცხოვრების 30 წელს დავუთმობდი ჩემს დონკოს…ბოლოს მითხრა რომ ვნახე, არ იტირო დედიკო შენ სიცილი გიხდებაო და ახლა იცის როგორც ვტირი ნეტა?!“ – წერს ნინი შერმადინი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ხატია ხოსროშვილის ემოციური მიმართვა ვრცელდება, რომელიც ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის — დონარა გვრიტიშვილის მძიმე მდგომარეობას და მის უკანასკნელ სურვილს ეხება.
როგორც ხატია ხოსროშვილი წერს, დონარა გვრიტიშვილს ახლა სიცოცხლის ბოლო დღეები აქვს დარჩენილი. მისი ერთადერთი თხოვნაა – შეხვდეს შვილს, გიორგი ხოსროშვილს, რომელიც სასჯელს იხდის და მისი გათავისუფლება რამდენიმე კვირაშია დაგეგმილი (5 ნოემბერს).