Nissan-ი მზადაა, რომ ვალების დასაფარად იაპონიაში მდებარე ისტორიული შტაბ-ბინა გაყიდოს. როგორც ადგილობრივი გამოცემები ამტკიცებენ, კომპანია აქტივებისგან გათავისუფლებას რესტრუქტურიზაციის ფარგლებში განიხილავს. მთავარი ოფისისთვის მწარმოებელს დაახლოებით 700 მილიონი დოლარის მიღების იმედი აქვს, რადგან შტაბ-ბინა რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, ძვირადღირებულ უძრავ ქონებასთან მდებარეობს. მიღებული ფულით კორპორაცია ვალების შემცირებას შეძლებს.
კომპანიის მასშტაბური რესტრუქტურიზაცია რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. Nissan-მა ქარხნების რაოდენობა 17-დან 10-მდე უნდა შეამციროს, სამხრეთ აფრიკის, ინდოეთის, არგენტინის, მექსიკის და იაპონიის მოედნები უნდა დახუროს. შემცირდება წარმოება არსებულ ქარხნებშიც. არაოფიციალური მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირებაში 20 ათასი თანამშრომელი მოჰყვება.
იაპონელი ჟურნალისტები თვლიან, რომ Nissan-ი ყოველ მეშვიდე თანამშრომელს შეამცირებს და ეს მაშინ, როცა გასული წლის ნოემბერში უკვე გაათავისუფლეს 9 ათასამდე თანამშრომელი ფინანსური პრობლემების გამო. თუმცა, გაყიდვების მასშტაბები მოსალოდნელზე მეტად გაუარესდა, ამიტომ კომპანიას რთული გადაწყვეტილებების მიღება ისევ უწევს.