LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის სააღდგომო ტრადიციები

313

წინასააღდგომოდ სოფო გელოვანს მის მეგობარსა და კოლეგასთან, ნოდიკო ტატიშვილთან ერთად ვესტუმრეთ. სოფო სამზარეულოში საქმიანობდა და კვერცხებს ღებავდა. ვისაუბრეთ ამ დღესასწაულზე და ტრადიციებზე, რომლებიც მას ახლავს.

როგორ ემზადებით აღდგომისთვის?

სოფო:

ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია აღდგომა, განსაკუთრებით ვემზადები. თან ახლავს ბევრი კარგი რამ, პასკის გამოცხობა და კვერცხების შეღებვა. ბოლო კვირა მძიმე მარხვაა, მერე ხსნილი და ყველა ძალიან გახარებულია ხოლმე. დღეს მესტუმრა ჩემი ახლო მეგობარი, ნოდიკო ტატიშვილი და დამეხმარება კვერცხების შეღებვაში.

ნოდიკო:

მე ვიყავი ძალიან მსუნაგი ბავშვი, არასდროს შემიღებავს კვერცხი, მაგრამ სახლში რომ ღებავდნენ, ჩემი საქმე იყო, მათი გატეხვა და ჭამა (იცინის). რას ყრიან შიგნით? ენდროს და ხახვის ფოთლებს….

ჩემთვის ორი განსაკუთრებული დღესასწაულია, შობა და აღდგომა, მგონია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. მინდა, ყველას მივულოცო. მართლა გამორჩეულად მიყვარს და მიხარია, რომ მოდის ეს დღესასწაული.

სოფო:

გვაქვს ასეთი ტრადიცია, გელოვანების შტო ვიკრიბებით აღდგომაზე. ისე გადის წლები, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ. ამიტომ კიდევ ერთი მიზეზია, რომ ეს დღესასწაული გვიყვარდეს.

ნოდიკო:

ტატიშვილები შობას ვიკრიბებით ხოლმე (იღიმის). ახლა გამახსენდა ერთი ამბავი. გახსოვს, ერთ აღდგომას სად შევხვდით მე და შენ? აეროპორტში. მე და სოფო მივფრინავდით, „ევროვიზიაზე“ და 5 მაისი იყო. აღდგომა თენდებოდა…

სოფო, ყველაზე დიდი რაოდენობით რამდენი კვერცხი შეგიღებავთ?

ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. ერთხელ მახსოვს, დედამ ასი კვერცხი შეღება. ეს ჩვენთვის ნორმალური რაოდენობაა. ზოგადად, არ მიყვარს მოხარშული კვერცხი, მაგრამ სააღდგომოდ რაც კეთდება, ის კერძები ძალიან გემრიელია, მაგალითად, ჩაქაფული, რომელიც მიყვარს.

ნოდიკო:

მე მაქვს გაკეთებული ჩაქაფული. მეგობრებთან ერთად ვიყავით ქალაქგარეთ. მამაჩემი აკეთებს ძალიან მაგარ ჩაქაფულს და მისი რეცეპტით მოვამზადე, ძალიან გემრიელი გამოვიდა.

რა გაქვთ სააღდგომო სუფრაზე?

სოფო:

რა თქმა უნდა, მოხარშული კვერცხი, პასკა, ჩემს მეუღლეს უყვარს მოხარშული ვიჩინა, რომელსაც პასკასთან ერთად მიირთმევს. რასაკირველია, სუფრაზე დევს ჩაქაფულიც.

ნოდიკო:

ჩვენთან ემატება ფხალეულობა, შემწვარი წიწილა… მზადება იწყება წითელ პარასკევს. ჩემგან მხოლოდ მორალური მხარდაჭერა აქვთ, დედა და და ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ, ხორცეულს მამაჩემი აკეთებს ძალიან კარგად და ფუნქციები განაწილებული აქვთ, მე ვმღერი (იცინის). როცა ძალიან მომშივდება და მაქვს თავისუფალი დრო, ყველაფერს ვურევ ერთმანეთში და გემრიელი გამომდის.

სოფო:

ეს დღესასწაული უფრო ოჯახთან ასოცირდება. ბავშვობიდან აღდგომას სხვანაირად ველოდები, ერთად ვიკრიბებოდით… ჩემი უფროსი შვილი, დათა კვერცხების შეღებვას გამორჩეულად ელოდება… ჩვენც ასე ვიყავით ბავშვობაში.

ნოდიკო:

სოფოს მეორე ვაჟი, აკა, ჩემი ნათლულია. ძალიან ცელქია. წვერის გამო არ მეკარებოდა ხოლმე. სოფომ დამარიგა, როგორ უნდა მეთამაშა მასთან, თურმე, უნდა გაისროლო, გამოისროლო, როგორც იქნა, მომეკარა. ვასწავლე, როგორ უნდა იყვიროს – ვაშააააა!.. ახლა არ არის შინ, ძალიან მომენატრა…

სოფო:

დედა ძალიან დაკავებულია (იცინის).

 

 

როგორი პასკა გიყვართ?

მე მიყვარს სახლში გაკეთებული პასკა. ბებია აკეთებდა, კარს კეტავდნენ, ტემპერატურა ერთ დონეზე უნდა ყოფილიყო. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და მგონია, რომ რთულად გასაკეთებელია. დადგება ალბათ, ერთი დღე, როცა მეც გამოვაცხობ პასკას. პასკა მიყვარს ტრადიციული, რაღაც-რაღაცების გარეშე.

ნოდიკო:

მეც ტრადიციული პასკა მიყვარს, მძიმე და ცოტა სველი. ერთხელ გამოაცხო დედაჩემმა, ისე დაიღალა, რომ მას მერე სულ ვყიდულობთ. პასკის გამოცხობას დიდი დრო სჭირდება.

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g