Disney Channel-ის ყოფილმა ვარსკვლავებმა და მრავალწლიანმა მეგობრებმა, სელენა გომესმა და დემი ლოვატომ, გულშემატკივრებს ნამდვილი ნოსტალგიური სიურპრიზი მოუწყვეს. 28 ოქტომბერს, სელენას კოსმეტიკურმა ბრენდმა Rare Beauty ოფიციალურად წარადგინა ახალი შეზღუდული კამპანია სახელწოდებით – Still Making Each Other Blush.
კამპანიის ფარგლებში გამოვიდა სპეციალური კოსმეტიკური ნაკრები – Delena Soft Pinch Blush Bundle, რომელიც ამ ორ არტისტს შორის არსებულ 25-წლიან მეგობრობას ეძღვნება. გულშემატკივრები სელენასა და დემის მეგობრობას წლებია შემოკლებით Delena-ს ეძახიან.
გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ის სარეკლამო ფოტო, რომელზეც სელენამ და დემიმ ზუსტად გააცოცხლეს 2009 წლის საკულტო ერთობლივი ფილმის – Princess Protection Program პოსტერი.
„მე და სელენას ბავშვობიდან უამრავი მოგონება გვაკავშირებს. გადასაღებ მოედანზე თავი ისე ვიგრძენით, თითქოს კვლავ წარსულში დავბრუნდით,“ – აღნიშნა დემი ლოვატომ. სელენამ კი დაამატა, რომ ეს კამპანია მათი საერთო ისტორიის ულამაზესი შეხსენება და იმის აღნიშვნაა, თუ ვინ არიან ისინი დღეს.
სელენა გომესმა კოსმეტიკური ბრენდი – Rare Beauty 2020 წელს დააარსა. ბრენდის მთავარი ფილოსოფიაა სილამაზის არარეალური სტანდარტების მსხვრევა და ადამიანების თვითგამოხატვის, უნიკალურობისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა.