LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „ძალიან რომანტიკული სიმღერა გამოვიდა… მართლაც შეყვარებული ვარ…“

607
ნუცა-ბუზალაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მომღერალი ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალ ალბომზე ისაუბრა და სიმღერა „ერთად forever“ შესთავაზა მსმენელს.

„ქამელეონი“

ახალ ალბომზე ფიქრი 2024 წლის დასაწყისში დავიწყე, რადგან უამრავი სიმღერა დამიგროვდა და ჩავთვალე, რომ დრო დადგა, მეორე ალბომი გამომეშვა. მანამდე ძალიან დაკავებული ვიყავი, ჯერ ამერიკაში ვმუშაობდი, მერე „ევროვიზიისთვის“ ვემზადებოდი, კონკურსის შემდეგ კი, როგორც იქნა, მოვიცალე. საქართველოში ჩამოვედი და სწორედ აქ დავფიქრდი, რისი თქმა მინდოდა ახალი კომპოზიციებით და რას დავარქმევდი ალბომს. საბოლოოდ, „ქამელეონის” დარქმევა გადავწყვიტე, რადგან ჩემი ცხოვრება და შემოქმედებაც ისევე ხშირად იცვლება, როგორც ქამელეონი იცვლის ფერებს. ზოგჯერ ჩემს ცხოვრებას ძალიან კარგი ფერი აქვს, ზოგჯერ კი, ნეგატივი გროვდება და ცუდ ფერს იძენს, ანუ რეალობა მუდმივად იცვლება და მასთან ერთად იცვლება ჩემი სიმღერებიც. ყველას თავისი ხასიათი და განწყობა აქვს, ამიტომ „ქამელეონი“ იდეალური სახელია ახალი ალბომისთვის.

„ერთად forever“

ძალიან მინდოდა ხალისიანი კომპოზიციის შექმნა, რადგან საშინლად დამღალა ზედმეტად დრამატული სიმღერების შესრულებამ. ახალი სიმღერა ზუსტად მოერგო ჩემს ხასიათს და გადმოსცა ემოციები. მართალია, ყოველთვის ნიჭიერ კომპოზიტორებთან ვთანამშრომლობ, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად მუშაობა გადავწყვიტე და თვითონ დავწერე მუსიკა. მოგვიანებით, პეკეს დავუკავშირდი, ვისთან მუშაობის არაჩვეულებრივი გამოცდილება მაქვს, რადგან ყოველთვის ბრწყინვალე ნამუშევრებს ვქმნით, საკუთარი იდეა გავაცანი და გამიხარდა, რომ სწორად მიმიხვდა ჩანაფიქრს და ზუსტად ის შედეგი მივიღე, რასაც ველოდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბორიკო შხიანსა და ირინა სანიკიძეს, რომელმაც საოცარი ტექსტი დაწერა და იდეალურად გადმოსცა ჩემი სათქმელი.

ძალიან რომანტიკული სიმღერა გამოვიდა. მართლაც შეყვარებული ვარ, თუმცა არ ვიტყვი, ვის მივუძღვენი, რადგან არ მიყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება. საშინლად არ მომწონს, როცა ორი ადამიანის ურთიერთობაში უცხოები ერევიან, რადგან როგორი კეთილგანწყობილი, გულშემატკივრებიც არ უნდა იყვნენ, მაინც ყველაფერს აფუჭებენ.

ევროვიზია

მართალია, ყველას ძალიან გაგვიხარდა ფინალში გასვლა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. უზარმაზარი შრომა გავწიეთ, სოლიდური ფინანსები დავხარჯეთ და ნამდვილად არ დავიმსახურეთ ის ადგილი, რომელიც საბოლოოდ დავიკავეთ. იმედი გამიცრუვდა, რადგან არავინ ელოდა ამგვარ შედეგს. სამწუხაროდ, „ევროვიზია“, რომელიც ყოველთვის პოლიტიზებული იყო, წელს განსაკუთრებით აღმოჩნდა პოლიტიკაზე დამოკიდებული. ზედმეტად დაძაბული სიტუაცია იყო საქართველოშიც. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანია, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც იშვიათი კატეგორიულობით გამოირჩევა და არაფერი აინტერესებს, თუ მის იდეებს არ ეთანხმები. გული დამწყდა, როცა ბევრმა არაფრად ჩააგდო, რომ ევროპის გრანდიოზულ კონკურსზე საქართველოს სახელით გამოვდიოდი, ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენდი და მხოლოდ იმიტომ არ დამიჭირა მხარი, რომ მის შეხედულებებს არ ვიზიარებდი. ესეც ერთგვარ იმედგაცრუებად იქცა.

სირთულეების მიუხედავად, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მუსიკა იქცა ჩემს ცხოვრებად. რა თქმა უნდა, დიდად ვაფასებ იმ ნიჭს, რომელიც ღმერთმა მიბოძა, ვაფასებ ყველა წარმატებას, თაყვანისმცემელთა სიყვარულს და არაჩვეულებრივ მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

სამომავლო გეგმები

4 დეკემბერს მაიამიში მოწყობილი არტ-ბაზრის კვირეულში მივიღებ მონაწილეობას, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი შოუებით გაითქვა სახელი. მე ცნობილი ბრენდის ფეშენ-შოუში მივიღებ მონაწილეობას და არა მხოლოდ ბრენდის სამოსს მოვირგებ, არამედ ორ სიმღერასაც შევასრულებ. ამასთანავე, სწორედ ჩემი კომპოზიციების ფონზე მოეწყობა კოლექციის ჩვენება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს აგენტს, რომელიც მაქსიმალურად მეხმარება და პოპულარიზაციას უწევს ჩემს შემოქმედებას. სწორედ მისი წყალობით შევძელი ამერიკის სამ უმსხვილეს სტადიონზე გამოსვლა და ეროვნული ჰიმნის შესრულებით უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებების გახსნა.

14 დეკემბერს ნიუ-იორკში მოვაწყობ საშობაო კონცერტს ქართველი ემიგრანტებისთვის. მოუთმენლად ველი ქართულ პუბლიკასთან შეხვედრას, მით უფრო, რომ კონცერტში სხვა ცნობილი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტით აღვნიშნავ საკუთარ დაბადების დღეს, 28 იანვარს. განსხვავებული საღამოს მოწყობა მინდა, ამიტომ მონდომებით ვემზადები პირველი სოლოკონცერტისთვის, რომელიც აუცილებლად თბილისში გაიმართება. სამწუხაროდ, ქართულ მუსიკალური ბაზარი  შოუების დეფიციტს განიცდის, რაც გრანდიოზული შოუს მოწყობის ერთგვარ მოტივაციად იქცა ჩემთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g