“ქართველებო, არ ვკითხოთ ერთხელ ერთმანეთს, რა დაგვემართა?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე წერს.
როგორც რუხაძე აღნიშნავს, ყველაფერს დათმობდა იმისთვის, რომ საქართველოში სიძულვილს სიყვარულმა აჯობოს.
მისივე შეფასებით, ქართველები უნდა დაფიქრდნენ, დაილაპარაკონ იმაზე, “თუ რა გვჭირს, რა დაგვემართა, რას ვერჩით და რას ვემართლებით ერთმანეთს, საით მივდივართ”.
“ყველაფერს დავთმობდი იმისთვის, რომ საქართველოში სიძულვილს სიყვარულმა აჯობოს. რატომაა, ნეტა, რომ ერთმანეთის წინსვლა და სიკეთე თვალში გვესობა ხოლმე? ვინ გაგვხადა ასეთი? ვის მოუნდა, ჩვენ რომ ასე დაუზოგავად გვეხრა და გვეჭამა ერთმანეთი? ოჯახში ხომ დამსხდარხართ ხოლმე ერთად სავახშმოდ და სალაპარაკოდ – დედ-მამა და შვილები, ბებო და ბაბუ თქვენთან ერთად, თითო-ოროლა კაი ნათესავიც ხანდახან, ყველას რომ ერთმანეთი უყვარს და ყველაფერი რომ კარგადაა? აი, ასე მინდა დავსხდეთ, რომ შეიძლებოდეს, ერთად, მთელი საქართველო, მშვიდად და ერთიმეორის მოუთხრელად, ვითომ, მართლა დალხინებული ვართ და არაფერზე არ ვდარდობთ.
ხო, ყველა, ვინც ვართ ამ ქვეყანაში და ვისაც ჭკუა გვეკითხება მეტ-ნაკლებად, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა გვჭირს, რა დაგვემართა, რას ვერჩით და რას ვემართლებით ერთმანეთს, საით მივდივართ, მართლა ხომ არ გაგვიცვდა საცხოვრებელი ნერვი და მართლა ხომ არ გამოგველია სასიყვარულო ენერგია, ან ხომ არ ვთავდებით და ხრამში ხომ არ ვიჩეხებით დაბნეულობისგან. თვალში და სულში მინდა, ჩავხედოთ ერთმანეთს და ისე ვილაპარაკოთ. არც სადღეგრძელოა საჭირო და არც შეძახილი. სიმღერასაც შევეშვათ ცოტა ხნით და ცეკვა-თამაშსაც. მხოლოდ ვილაპარაკოთ! ვკითხოთ ერთმანეთს, რა გვიჭირს და რა გვილხინს. იქნებ, როგორმე ამოვხსნათ ერთად, ამ ლაპარაკში, ის საიდუმლო, რომელმაც ასე დაგვზაფრა, დაგვშხამა და გადარჩენის უნარი რომ ასე გაგვიდნო და მიგვინავლა. ეს ყოველგვარად შემკული ჯიში რომ გვიკნინდება თვალსა და ხელს შუა, არ ვილაპარაკოთ ამაზე მშვიდად და დალაგებულად? გამოსავალი არ ვეძიოთ? ჩავბარდეთ პატრონს ასე უღიმღამოდ და უკვალოდ? ქართველებო, არ ვკითხოთ ერთხელ ერთმანეთს, რა დაგვემართა?” – წერს ნუგზარ რუხაძე.