ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე, – ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მამუკა მდინარაძეს, მას შემდეგ რაც მდინარაძემ ეკა ბესელიას მისი თავმჯდომარეობით გამართული კომიტეტის ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიხსენა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი კრიტერიუმებისა და ნორმების გარეშე წარმოადგინა სია დაკარგი იქნებოდა ყოფილიყო გარკვეული დათქმები ნორმების სახით.
“ისე, როგორც ბრძანებთ ხოლმე, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია ვერ გადმოეგდო ვერავის. შემდეგ როგორ დაუბრუნდა ეს სია, რატომ დაუბრუნდა, კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც შეეძლო კომიტეტის სხდომა საერთოდ არ დაენიშნა და არ გადამდგარიყო,”- მიმართა მდინარაძემ ბესელიას, რომელმაც თავის მხრივ მდინარაძე მოუწოდა თავი დაენებებინა ამ თემაზე საუბრისთვის.
“ნუ ეთამაშები ამ თემას,“- მიმართა ბესელიამ მდინარაძეს, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ თემებზე ექსკლუზივი მხოლოდ მას არ აქვს.
“ვინ და რას ეთამაშება თქვენთან მოიკითხეთ. თქვენი სუბიექტური ინტერესებიც და რომელ თემებს ეთამაშებით,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენც იმათ რიგებში ხარ, რომელსაც გინდოდა ამ სხდომის ჩატარება. რომელ სუბიექტურ ინტერესებზე საუბრობ გაბედე და თქვი? ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. შენ როგორ ლაპარაკობ ამ თემაზე. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი სანდო ადვოკატებს რომ ეძახდნენ. ახლა მოისმინა საზოგადოებამ სიმართლის მხოლოდ ნაწილი,“ – განაცხადა ბესელიამ, რაზეც მდინარაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ არ ეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდა.
„არ მეგონა რომ ყველაფერს იკადრებდით. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით. თქვენი თქმით, ქალბატონო ეკა, 2004 წელს პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ და უსამართლოდ არავის იჭერდნენ თურმე. სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. რატომ დანიშნეთ მაშინ სხდომა, იქნებ იმ სიას ვაგდებდით? ვეღარ გავიგე, რა მოგეწონებათ ის ვილაპარაკო, თუ რაც რეალობაა ის?“ – მიმართა მდინარაძემ ბესელიას.