მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის, რაც სხვებს ვუთხარით, ეს ეხება როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე მოლდოვას, უკრაინას და, ვფიქრობ, საქართველოს, რომ ვართ მათი პარტნიორები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ესპანეთში, სოციალისტების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ოლაფ შოლცმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა.
„საზღვრების ძალით შეცვლა აღარ უნდა იყოს ევროპის რეალობის ნაწილი. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით კი რუსეთის ლიდერმა გადაწყვიტა, შეცვალოს ეს შეთანხმება, იბრძოლოს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და, უბრალოდ, სცადოს, მისი ტერიტორია რუსული გახდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის მიღება და უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამ ძირითადი პოლიტიკის ცვლილებაზე. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას და საკუთარი ქვეყნის დაცვას. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მივყვეთ იმას, რაც ვუთხარით სხვებს, განსაკუთრებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს დაპირება, რომ გახდებოდნენ ევროკავშირის ნაწილი 20 წლის წინ. უკვე 20 წელია, რაც ეს ითქვა. ეს იგივეა მოლდოვასთან, იგივეა უკრაინასთან და, ვფიქრობ, საქართველოსთანაც, რომ ჩვენ მათი პარტნიორები ვართ, რომ ჩვენ შესაძლებელს გავხდით მათთვის, მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ქვეყნების გასაუმჯობესებლად, განახორციელონ რეფორმები და შემდეგ შეუერთდნენ ჩვენს ძლიერ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, რომ ეს იმუშავებს, თუ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ამოცანას, თუ დავუჭერთ მხარს მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება ამისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.