„ოპერის თეატრმა, მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ ქართველ მომღერალს – პაატა ბურჭულაძეს კარი ჩაუკეტა – არ დაუთმო სცენა, რომ 70 წლის იუბილე აღენიშნა. რეჟიმის მდაბიური შურისძიებაა მსოფლიო რანგის ხელოვანზე“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წერს სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეზე „შური იძიეს იმის გამო, რომ ყოველდღე, ხალხთან ერთად დგას რუსთაველზე“.
„რეჟიმმა თავისი უარით, მათდაუნებურად სხვა მასშტაბი შესძინა მსოფლიო ბანის იუბილეს.
12 თებერვალს ყველა ერთად ვიზეიმებთ პაატა ბურჭულაძის იუბილეს.
20:30-ზე დაიწყება საიუბილეო/საპროტესტო მსვლელობა ფილარმონიიდან რუსთაველისკენ. გზად ოპერის წინ შევჩერდებით და მუსიკასაც დაეთმობა ადგილი.
მანამდე კი შევხვდებით ყოველდღე რუსთაველზე! ყოველდღე გამარჯვებამდე!“, – წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, პიანისტმა ნინო ჟვანიამ დაწერა ფეისბუკგვერდზე, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მუსიკოს პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების ჩატარებისთვის დარბაზი არ გამოუყო. მისივე თქმით, 12 თებერვალს,, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა გაიმართება.