დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებას კვლავ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მოჰყვა.
ამ აქტით კმაყოფილი არც საზოგადოებაა და ბოლომდე არც ბრალდებული.
როგორც ასლან ბეჟანიძის ადვოკატი „ფორტუნასთან“ აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოდ იყო დაპატიმრებული.
"ამ მექრთამეების გამო სალომე ზურაბიშვილს ნუ დამაცვევინებთ".
პრეზიდენტმა ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა - "საკუთხარი ხელით ჩავაბარე პოლიციას უდანაშაულო ადამიანი"
ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ბეჟანიძეს დანაშაული არ უღიარებია. განაჩენი კი რომელიც 2018 წელს გამოიტანეს, ევროპის სასამართლოში მეექვსე მუხლის დარღვევაზეა გასაჩივრებული.
„ევროპის სასამართლო წინ არის ვაგრძლებთ ბრძოლას,“ – აცხადებს ადვოკატი „ფორტუნასთან“.
მისივე ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძეს გათავისუფლებამდე დაახლოებით, 6 წელი ჰქონდა დარჩენილი. ადვოკატს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, წინა პრეზიდენტისთვისაც მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, 18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
“2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელ განცხადებაში.
“არ გეტყვით, რატომ შევიწყალე” – სალომე ზურაბიშვილი
ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც შეიწყალა. ამის შედეგად გამოწვეულ აჟიოტაჟს, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება. ზურაბიშვილი აღნიშნული ფაქტის გამო, საზოგადოებაში გაჩენილი ვნებათაღელვის შემდეგ, გამოვიდა ინციატივით, დაჩქარდეს შეწყალების უფლების გამოყენების კრიტერიმუმების დახვეწა.