ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ამ სეზონზე. წინ პროექტის ნახევარფინალი და ფინალია. ირინკა და ოთო ყველა ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას და შემდეგ ორშაბათსაც შეეცდებიან, ორიგინალური ილეთებით გააკვირვონ საზოგადოება.
კაფე „ორანჟერეას“ ეზოში, რომელიც ულამაზესად არის მორთული საახალწლოდ, წყვილმა სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ…
ერთ-ერთი ფავორიტი წყვილის ნომერსაც შეგახსენებთ: 0903300330.
ირინკა, ოთო სულ ასე აგვიანებს ყველა გადაღებაზე, როგორც დღეს?
(იღიმის) ოთო არის ძალიან დაკავებული ადამიანი, ხანდახან ხდება ხოლმე. ჯგუფები ჰყავს, რომლებსაც ამეცადინებს, თითო ლაივზე სამ ცეკვას რომ ასრულებს, ეს არ არის ადვილი, ამას ბევრი დრო მიაქვს.
ოთო:
გარდა ჩემი ცეკვებისა, ვვარჯიშობ ირინკასთან, სტუდიაში – ჯულიანასთან, ბავშვებს ვამეცადინებ და თან, უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ჩავაბარე, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე. მეტ რა გავაკეთო (იცინის)?!.
ირინკა, პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო, როცა ოთო შენს მეწყვილედ გამოაცხადეს?
ეს ძალიან საინტერესოდ მოხდა. ჩვენ ჯერ ჯგუფური რეპეტიციები გვქონდა, ყველა ერთად ვვარჯიშობდით დღის განმავლობაში. ერთ დღეს რაღაცას ვთამაშობდით, ყველა ერთად ოთახში დავდიოთ და ტაშს რომ დაუკრავდნენ, ვისაც პირველს დაინახავდი, მას უნდა ჩახუტებოდი. ხან ვის ჩავეხუტე, ხან – ვის. ბოლოს ოთო დავინახე და მასაც ჩავეხუტე. ჩვენმა ქორეოგრაფმა ჩაგვიარა, კარგია, გაიცანით ერთმანეთიო. იქ მივხვდით, რომ გადაწყვეტილი იყო ჩვენი ერთად ყოფნა.
ოთო, შენ ირინკასთან ერთად დგომა, ალბათ, გინდოდა…
თავიდან არავინ იცოდა, ვინ ვისთან ცეკვავდა. როცა ვუყურებდი კონკურსანტებს, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ირინკა. ძალიან მესიამოვნებოდა, რომ ის ყოფილიყო ჩემი მეწყვილე. ამ ჩახუტებებში რომ გამომჟღავნდა, ჩემი მეწყვილე იქნებოდა, მივხვდი, რომ მასთან ერთად კარგი ნომრების შექმნა შეიძლებოდა.
ირინკა, რა სირთულეები შეგხვდა პროექტში?
ყველანაირი (იცინის). ფსიქოლოფიური და ფიზიკური სირთულეებია. დღე და ღამ ვარჯიშობ და საკუთარ თავზე ნერვები გეშლება, როცა რაღაც არ გამოგდის. მე ასე ვარ, ყოველ შემთხვევაში. ზოგჯერ მჭირდება ხუთი წუთი, რომ ამოვისუნთქო და ვარჯიში გავაგრძელო. სამეჯლისო ცეკვები ჩემთვის ახალი ტერიტორია იყო. ყველა ცეკვას თავისი სირთულე ახლავს, მაგრამ მათი დაძლევა საინტერესოა.
ირინკას რამე არ გამოსდის?
ოთო:
ვინ აძლევს იმის საშუალებას, რომ რამე არ გამოუვიდეს?!. იმდენს ვაწამებ და ვაწვალებ… მაქსიმალისტი ვარ. ჩემს ცხოვრებაში სიტყვა „ვერ“ არ არსებობს. შესაბამისად, როცა ვინმე ამბობს, რომ რაღაც ვერ გამოსდის, ჩემთვის მიუღებელია. ირინკას იქამდე ვავარჯიშებ, სანამ არ გამოუვა ხოლმე. გვივარჯიშია ბევრი საათი ამის გამო. გარდა ქორეოგრაფიისა, ვამუშავებთ თითოეულ დეტალს, წვრილმანს, გახედვა-გამოხედვასაც, დიდ ყურადღღებას ვაქცევთ. ვამეცადინებ ისე, როგორც ჩემს პროფესიონალ მოსწავლეებს. ვითხოვ და შესაბამისად, ვარ შედეგზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოსდის, სხვა საშუალებას არ ვაძლევ.
რომელი იყო ყველაზე რთული ნომერი?
ირინკა:
აქამდე ადვილი არც ერთი ცეკვა არ ყოფილა. მგონი, ყველაზე მეტად ჩა-ჩა-ჩა გამიჭირდა. თვლა არის სხვა, არეული ვიყავი ცოტა, მაგრამ ვფიქრობ, არ გამოვიდა ცუდი ნომერი.
ოთო:
ძალიან რთული ნომრები გვქონდა, განსაკუთრებით, ბოლოსკენ, როცა კონტემპორარისა და სუხიშვილების ტრანსფორმაცია ვიცეკვეთ და ვიფრინეთ. ახლაც გადატყავებული ხელებით ვართ. ტანგოში ისეთი მოძრაობები გავაკეთეთ, შესაძლოა, ბევრმა პროფესიონალმაც ვერ გააკეთოს. მოძრაობებს „რვაფეხა“ დავარქვით, გაურკვეველი იყო და სახელი მოვუფიქრეთ. თითქმის ყველა ცეკვაში რამდენიმე ისეთი მომენტი შევიტანეთ, რაც დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა.
თავად შეგაქვს მოძრაოებები ცეკვაში?
ბევრი იდეა მაქვს და შემაქვს ხოლმე ცეკვაში, თუმცა ქორეოგრაფს ვუთანხმებ. ფანტაზიებს და იდეებს ნამდვილად არ ვუჩივი. ყველა ლაივზე უფრო მეტად ვართულებ (იცინის).
ირინკა:
არანაირი პრობლემა არ მაქვს მეც, რადგან სირთულეები მომწონს. ტანგოს ცეკვა სულ მინდოდა. მანქანაში რომ ვუსმენდი ამ მუსიკას, ვფიქრობდი ხოლმე, მომეცემოდა თუ არა საშუალება, რომ როდისმე ტანგო შემესრულებინა. ოთოს ვუთხარი, რაც გინდა, ის გავაკეთოთ, ოღონდ კარგი გამოვიდეს-მეთქი.
ოთო:
ბევრმა გვითხრა, რომ ამდენი სეზონის განმავლობაში ეს ტანგო საუკეთესო იყო და ასეთი ილეთებით არასდროს შესრულებულა.
კონტემპორარის გოჩა ჩერტკოევისგან მცირე კრიტიკაც მოჰყვა. არ გწყდება ხოლმე გული, ასეთ ნამუშევარს წუნს რომ აღმოუჩენენ?
ჟიურის შეფასებაზე ვერაფერს ვიტყვი. უმაღლესი ქულები მივიღეთ და მცირე შენიშვნა არ მწყვეტს გულს. ვფიქრობ, მაყურებლისგან ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღეთ. ეს იყო 21-ე საუკუნის ცეკვა, ასე ვთქვათ, ბოლო მოდელი, ხალხის უმრავლესობა ამას აღიარებს, უამრავ ადამიანს მოეწონა. დარბაზში სხვისი გულშემატკივრები რომ მოდიან, ფეხზე რომ დგანან და ტაშს გვიკრავენ, მერე ხვდებიან, რომ სხვისი გულშემატკივრები არიან და არა ჩვენი (იღიმის).
ირინკა, შენზე როგორ მოქმედებს ჟიურის კრიტიკა?
ყურადღებას ვაქცევ და ვითვალისწინებ. შენიშვნა ამისთვისაა, რომ რაც არ მოეწონათ, გამოასწორო. როცა უკვე ორ ცეკვას ასრულებ და დაგემატა მეორე შესრულებაც, ჟიურის შეფასებებზე დაფიქრებას ვერ ასწრებ, რადგან მეორე ცეკვა გელოდება წინ.
ოთო:
გარდა ჟიურის წევრების შენიშვნებისა, მაყურებლის თითოეულ შენიშვნასაც ითვალისწინებს და ცდილობს გამოასწოროს. ჟიურის წევრებზე კი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას.
ირინკა, ოჯახის წევრები გირჩევენ რამეს?
მამაჩემმა დამირეკა, როცა პირველი ცეკვა ნახა, იქ ჟიურის კომენტარი იყო, ტერფებს ყურადღება მიაქციეო. მამამ მითხრა, სწორი შენიშვნა მოგცესო. ოჯახის წევრებს რეპეტიციის ვიდეოებსაც ვუგზავნი ხოლმე და მირჩევენ ბევრ რამეს. გარეშე თვალი უფრო კარგად ხედავს. ყველას რჩევის გათვალისწინებას ვცდილობ.
ოთო:
ჟიურის წევრები თითქმის ყველა ცეკვაზე გვეუბნებიან, რომ ეს იყო პროფესიონალურად შესრულებული ცეკვა. იმდენად მცირეა შენიშვნები… და ისინი უფრო ნაკლებად გვესმის.
კონკურსანტებს შორის როგორი დამოკიდებულებაა?
ირინკა:
მართლა ძალიან კარგი გუნდი შეიკრა და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ვიცი, რომ ეს ადამიანები ჩემს ცხოვრებაში პროექტის მერეც იქნებიან. რაც შეეხება კონკურენციას, კახისგან მაქვს მოსმენილი ბევრჯერ, სხვის ყურებაში ვერაფერს მიაღწევო. თუ იმაზე იფიქრე, ის რას აკეთებს და შენზე უკეთ აკეთებს თუ არა, შორს ვერ წახვალ. ვცდილობ, საკუთარ თავზე უკეთესი ვიყო და არა სხვაზე. კახის ამაში ნამდვილად ვეთანხმები.
ელოდი ასეთ მხარდაჭერას მაყურებლისგან? აქ არ ცხოვრობ…
ჩამოვედი აშშ-დან. არანაირ პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა, ხალხი არ მიცნობდა. ქართველი მაყურებელი ძალიან კრიტიკულია. დღემდე შოკში ვარ, რომ მაყურებლისგან ამხელა სიყვარულს ვიღებ. მათ გამო ვაკეთებ ამას, მინდა, მაყურებელმა ისიამოვნოს, იფიქროს, როცა ჩვენ გამოვდივართ – ახლა რას შემოგვთავაზებენ ახალსო.
ამიტომაც ართულებთ უფრო…
ოთო:
ერთს წამოსცდა, ამის მერე ესენი თუ იფრენენო. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, ვიფრენთ-მეთქი. საფინალოდ, შეიძლება, მთვარეზე შევასრულოთ პასოდობლე.
გამარჯვებაზე ფიქრობთ?
როგორც ახლახან აღვნიშნე, ვარ შედეგზე ორიენტირებული და მაქსიმალისტი. ამ კარგ ცეკვებს რომ ვდგამთ, მთავარი შედეგი არის ის, რომ პროექტი უნდა მოიგო. რასაკვირველია, ვიფქრობთ, რომ წინა ცეკვებზე უკეთესი, დასამახსოვრებელი ნომრები შევთავაზოთ ჟიურისა და მაყურებელს. მთავარი გამარჯვება 31 დეკემბერს უკავშირდება, ვინ მოიგებს ტიტულს, ვინ გახდება „ცეკვავენ ვარსკვლავები 2018“-ის გამარჯვებული წყვილი. ბავშვობიდან ბევრ ტურნირზე მიწევს გასვლა. გარდა იმისა, რომ კარგად ვიცეკვო, იმაზე ვფიქრობ, რომ უნდა მოვიგო. რა თქმა უნდა, მეფიქრება იმაზე, რომ ამდენი შრომა 31 დეკემბერს გამარჯვებით დაგვირგვინდება. თუ ასე მოხდა, ორი სეზონის გამარჯვებული ვიქნები, რაც საქართველოში არასდროს ყოფილა.
ირინკა, შენთვის რა იქნება ამ პროექტში გამარჯვება?
ოთო:
ბინა (იცინიან).
ირინკა:
ჩემს თავს დავუმტკიცებ, რომ როცა რაღაც მიზანი გაქვს და თუ იმუშავებ, არ მოდუნდები, აუცილებლად მიაღწევ. ამდენი დრო და ენერგია დავახარჯე ამ პროექტს და დიდი ბედნიერება იქნება გამარჯვება.
ჭორებზე მინდა გკითხოთ. იყო საუბარი იმაზე, რომ ირინკა პროფესიონალი მოცეკვავეა…
ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ თურმე აშშ-ში ქორეოგრაფიული მაქვს დამთავრებული და სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი. სისულელეა, არანაირი შეხება სამეჯლისო ცეკვებთან არ მქონია. როგორც ყველა მსახიობს, მქონდა შეხება ცეკვასთან. ქორეოგრაფია ვიცი ირინა ციქურიშვილისგან, მის ხელში გავიზარდე. ის თეატრ „სინეტიკის“ მთავარი ქორეოგრაფია. ვიცი ის, რაც შეიძლება სჭირდებოდეს სპექტაკლს. თუ ძალიან გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ, რომ 9 წლის ასაკიდან, ორი წელი დავდიოდი მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში.
კიდევ ჭორი – მოგისმენიათ ამბავი იმის შესახებ, რომ ერთად ხართ? მე მომისმენია…
მე არ მომისმენია. მაყურებელს ყოველთვის უნდა, რომ მოცეკვავე წყვილები ერთად იყვნენ. როცა ლაივში ჩავერთეთ „ფეისბუქზე“, იქ გვწერდნენ, უხდებით ერთმანეთს, არ გინდათ, ერთად იყოთო (იცინის)?
შენი პოსტი ვნახე ოთოზე, დაბადების დღე მიულოცედ ა აღნიშნე, რომ მასთან მეგობრობას აუცილებლად გააგრძელებ…
ოთო:
მე გიპასუხებ. ჩემს ყველა მეწყვილესთან დღემდე კარგი ურთიერთობები შემომრჩა. ირინკასთან ამ მეგობრობას აუცილებლად გავაგრძელებ.
ირინკა:
ძალიან დავმეგობრდით და ვფიქრობ, კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. პროექტში მერეც გვექნება კონტაქტი. ოთო, თუ გინდა, მესტუმრე ხოლმე აშშ-ში. თუ არ შეწუხდები, ჩამოდი (იცინიან).
ოთო:
თუ გინდაო (იღიმის). იცი, ირინკა მსოფლიოს ერთადერთ საოცრებას რომ მეძახის? როგორ შეიძლება, ამერიკაში ჩავიდე და მას არ შევუარო?!.
თაყვანისმცემლებს რას ეტყვით?
რთულ ფაზაშია პროექტი. ოთხეული დავრჩით. საწყის ეტაპზე ხშირად გვესმოდა, ეს წყვილი აუცილებლად ფინალში იქნებაო, რაც ასე მარტივად არ ხდება. მაყურებლის მხარდაჭერა წყვეტს ბევრ რამეს. ყოველდღე უნდა დაგვირეკოთ, თუკი გსურთ, ფინალში ვიყოთ. ნახევარფინალსა და ფინალში ხალხი უფრო მეტად აქტიურდება. ერთი ლაივის შემდეგ ნახევარფინალი იქნება. ის დროა, როცა უნდა დარეკონ. მოლოდინი, ამათ ფინალში დავურეკავთ და გავამარჯვებინებთო, არასწორია. მანამდე უნდა დარეკონ, რომ ფინალამდე მივიდეთ. მაყურებელს მადლობას ვეტყვით თბილი სიტყვებისთვის.
ირინკა:
არ ვიცი, ხანდახან შოკში ვვარდები და სიტყვები აღარ მყოფნის, იმდენი ესემესი მოდის. მესიჯები მართლა ბევრს წყვეტს. მაყურებელმა რომ ასე შეგვიყვარა და უნდა ჩვენი გამარჯვება, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვეცდები, იმედები არ გავუცრუო.
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“
ნინო მურღულია