ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, სპეციალურად გადამზადებული სასტუმროების პერსონალი 133 767 ადამიანს მოემსახურა. პანდემიის მართვაში 215-მა სასტუმრომ, ჯამში, 11 675 ოთახით, მიიღო მონაწილეობა. დასაქმებულთა რაოდენობამ კი 3 620 ადამიანი შეადგინა.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჯანდაცვის სისტემას, განსაკუთრებით, ახლა, როცა მსუბუქი შემთხვევები კოვიდსასტუმროებში იმართება, 3 620 ადამიანს მივეცით საშუალება, სამუშაო ადგილი შეენარჩუნებინა“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა, თითოეული სამინისტრო მოქალაქეებს 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. პროექტის „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, პირველი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელიც პირველ ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს და მინისტრი ნათია თურნავა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს, მათ შორის პანდემიის პერიოდში ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ქმედებებზე.