„ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იზოლაციაში სასჯელის მოხდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვანია:
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომაც არის, რომ არ იყოს პატიმრების დიდი რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ამას ხაზი გაუსვა. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა, დაახლოებით, 24 თუ 25 ათასი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დღეს ეს რაოდენობა დაახლოებით, ცხრა ათასამდეა ჩამოსული..
რაც შეეხება იმას, თუ შემცირების რა მექანიზმები არსებობს, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ასევე იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, მთავრობის პოზიცია. ასეთი მიდგომაა [საჭირო] და ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით, რაღაც პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენი მიზანიც არის, რომ ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ვიყოთ შესაბამისი სტატისტიკის ქვეშ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.