მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.
როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი დიპლომატიური ხაზებით გაირკვევა:
“თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს.
ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის, ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას საელჩოში შეხვედრაზე აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა “არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული” იყო.