LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელეს ისტორიული მაისური, რომლითაც 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, აუქციონზე გაიყიდება

104
ქირიას NEWS შაბლონი (5)

აუქციონის სახლი Sotheby’s ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიკვიას – ლეგენდარული პელეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მაისურს გამოიტანს აუქციონზე. ვაჭრობა 29 ივნისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება. ლოტის საწყისი ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტია.

სპეციალისტების შეფასებით, ეს შეიძლება გახდეს პელესთან დაკავშირებული ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. გარდა ამისა, არსებობს შანსი, რომ მაისურმა ყველაზე ძვირად გაყიდული საფეხბურთო მაისურის რეკორდიც მოხსნას. ამჟამად ეს რეკორდი ეკუთვნის დიეგო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისურს, რომელიც 2022 წელს 9,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს პელე მხოლოდ 17 წლის იყო. მან ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბრაზილიასა და შვედეთს შორის გაიმართა, ორი გოლი გაიტანა და დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უთამაშია და გოლი გაუტანია. იმ მატჩში ბრაზილიამ შვედეთი 5:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ფინალის დასრულების შემდეგ პელემ თავისი მაისური თანაგუნდელს აჩუქა. მოგვიანებით ეს ისტორიული ნივთი ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთელის ოჯახში ინახებოდა. 1993 წელს მაისური ედვალდო ალვეს სანტა-როზას სახელობის სპორტის მუზეუმის კოლექციას გადაეცა, ხოლო 2011 წელს აუქციონზე 105 ათას დოლარად გაიყიდა. მას შემდეგ იგი კერძო კოლექციონერის მფლობელობაშია, რომელმაც ახლა მისი ხელახალი გაყიდვა გადაწყვიტა.

პელე ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო – 1958, 1962 და 1970 წლებში. კარიერის დასრულების შემდეგ ის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული და სპორტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები