სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები რეგიონში არსებულ პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
აგრეთვე, რეალიზატორებს მიეწოდებათ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 11 იანვარს ამოქმედდა და პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს (დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6830.pdf )
პესტიციდებისა და შხამქიმიკატების შემოწმების თაობაზე ისაუბრა სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ტურაშვილმა.
„ფერმერთა ინტერესების და სამომხმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების შემოწმებას. პრეპარატების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია შენახვისა და რეალიზაციის პირობების და გამოყენების წესების დაცვა. საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს ვურჩევთ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც ასევე შეუძლიათ, მიიღონ კონსულტაცია პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ტურაშვილმა.
2017 წელს პესტიციდების და აგროქიმიკატების 140 სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა. ამავე პერიოდში აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 337 ნიმუში. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 40 ბიზნესოპერატორი.