LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი „ბასტი-ბუბუ და ვარსკვლავები“ გაიმართება – მარიკა აროშიძე, ნუცა თოფურია, მარიკა თხელიძე და მანუ მურღულია „არტ-FM“-ში

694
მარიკა-აროშიძე,-ნუცა-თოფურია,-მარიკა-თხელიძე-და-მანუ-მურღულია-„არტ-FM“-ში

21 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა მარიკა აროშიძემ, ნუცა თოფურიამ, მარიკა თხელიძემ და მანუ მურღულიამ  „ბასტი-ბუბუს“ კონცერტზე „ბასტი-ბუბუ და ვარსკვლავები“ ისაუბრეს, რომელიც პირველ ივნისს გაიმართება.

(მარიკა აროშიძე) „ბასტი-ბუბუ“ პატარებთან ერთად უფროსებსაც კარგად ახალისებს, რადგან ყველას ერთნაირად უნდა ბავშვობა, გართობა და მხიარულება. ჩვენი საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და ბახვა ბრეგვაძე წაიყვანს. პროგრამამ 21 ნომერი და 20 ვარსკვლავი გააერთიანა 20 ახალი სიმღერით.

მართალია, უზარმაზარი შრომის გაწევა გვიწევს, მაგრამ მთავარი მონდომებაა, რადგან სწორედ მონდომება განსაზღვრავს ნებისმიერი საქმის საბოლოო შედეგს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც ყოველთვის დაუღალავად შრომობს. ჩვენი წარმატება ერთის მხრივ, ბავშვების სიყვარულმა, მეორეს მხრივ, მშობლების მონდომებამ განსაზღვრა, რომლებიც ყოველთვის აქტიურად არიან ჩაბმული ნებისმიერი კონცერტის მომზადებაში. 

კონცერტი „ბასტი-ბუბუ და ვარსკვლავები“ მანამდეც გაკეთდა, თუმცა ძალიან მიხარია, რომ წელს ჩვენს წარმოდგენაში ორი თობის წარმომდგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

(ნუცა თოფურია) ძალიან მომწონს სიმღერა „მუმუ ჭრელი ძროხა“, ამიტომ სიამოვნებით შევასრულებ. სხვების მსაგვსად მეც ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ბავშვობა, „ბასტი-ბუბუ“ კი, ყველას უნიკალურ შანსს აძლევს იყოს მარადიული ბავშვი. ძალიან რთული პერიოდია გავიარეთ პანდემიის დროს და სწორედ მარიკას წყალობით შევინარჩუნეთ „ბასტი-ბუბუ“.

(მარიკა თხელიძე) „ბასტი-ბუბუ“ ჩემი მეორე ოჯახია, რომელიც 6 წლის ასაკში შევიძინე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რადგან „ბასტი-ბუბუმ“ მართლაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩემს შემოქმედებაში. დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი, რაც მთავარია, გამორჩეულ კონცერტს გავმართავთ პირველ ივნისს, თუმცა ჯერ ვერ გავამხელ სიმღერას, რომელსაც ვიმღერებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ განსხვავებული ნომერი იქნება განსხვავებული რეკვიზიტით.

რა თქმა უნდა, „ბასტი-ბუბუ“ ჩემთვისაც ბავშვობასთან, საუკეთესო წლებთან და საყვარელ ადამიანებთან ასოცირდება, ამიტომ ყოველთვის სიხარულით ვთანხმდები კონცერტებში მონაწილეობას. „ბასტი-ბუბუ“ ის პროექტია, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს, რათა მაქსიმალურად ბევრი ბავშვი გაიზარდოს ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში.

(მანუ მურღულია) მარიკამ დამირეკა და სიმღერა შემახსენა ბაყაყზე, რომელსაც ბავშვობაში ვმღეროდი. ფოტოებიც შენახული მაქვს, წითელი ბაფთები მეკეთა, ბაყაყის ფორმა მეცვა და ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი. გამიხარდა, როცა სიმღერის კიდევ ერთხელ შესრულება მთხოვა, რადგან „ბასტი-ბუბუ“ საუკეთესოსთან, მხოლოდ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. 

სხვათა შორის, წელს „ბასტი-ბუბუს“ 32 წელი შეუსრულდა. 4 წლის ვიყავი, როცა გადაცემაში „კარუსელში“ მივიღე მონაწილეობა და ლელა წურწუმიასთან ერთად ვიმღერე. ყველაფერი კარგად მახსოვს, სცენაზე გასვლამდე ნერვიულობაც და ის ვარსკვლავებიც, რომელთა სტუმრობა ყოველთვის ძალიან გვახარებდა. ერთი კურიოზი მახსენდება, საახალწლო კონცერტის ბოლო ნომერში სცენაზე მხოლოდ მე და ორი გოგონა დავრჩით ჩიჩილაკთან. სცენარის მიხედვით, ერთ-ერთს უნდა გაეტანა ჩიჩილაკი და სწორედ ასე მთავრდებოდა კონცერტი, თუმცა ბავშვებმა ვერაფრით გაინაწილეს და პირდაპირ სცენაზე ატეხეს ძიძგილაობა.