LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – ქართველი პოლიტიკოსები დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ

221
Untitled design (4)

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერებთან ერთად ქართველი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან.

„არასოდეს დავნებდები!“ – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მომხდარით შოკირებულია“. მისივე თქმით, „პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“.

„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ. ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „X“-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს.

„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“, – წერს კობახიძე.

„გამაოგნებელია საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება-სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

„გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება.

თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები.

ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას“,- წერს კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა“.

„გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო”, – წერს მამუკა მდინარაძე.

ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა. პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!“, – წერს პაპუაშვილი.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას და ყველანაირი სახის ძალადობას გმობს.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, საპრეზიდენტო კანდიდატ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და ასევე, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. გვინდა, რომ დონალდ ტრამპს ვუსურვოთ გამოჯანმრთელება და ასევე, მივუსამძიმროთ გარდაცვლის ოჯახს. ამავდროულად, გვინდა ვთქვათ, რომ ძალადობა მიუღებელია. ის მიუღებელია მათ შორის, პოლიტიკაში და ისეთ მდგომარეობის დროს, როგორიც დღეს მსოფლიოშია. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური ძალების გააქტიურებას და დღეს საერთო ძალისხმევაა საჭირო მსოფლიოში, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა და ძალადობას არცერთ საზოგადოებაში ადგილი არ ჰქონდეს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილი საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს უნდა სწორედაც, რომ იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იმ სამყაროს ნაწილი იყოს, სადაც სწორედ ადამიანები და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრაფვის სიმშვიდის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და განვითარების გამო. ჩვენი ადგილი ევროპაშია, დასავლურ სტრუქტურებშია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უკეთესი განვითარება. ასეთ პირობებში ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ყოფნა, რომელიც ზუსტადაც ჩვენი საზოგადოების შიგნით აღვივებს პოლარიზაციას, დაპირისპირებას, თვითონ არის ძალადობის ინსპირატორი და ძალადობის ავტორი, ჩვენ საზოგადოებაში. დღეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც არის კარგ ურთიერთობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან, ასევე, რომელიც თვითონ არ არის ძალადობის წყარო ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და ტრამპს გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის საქართველოში.

„მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც. „ქართული ოცნების“ დღევანდელი ქმედებები მაშინ, როცა დემოკრატიულ სამყაროსთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, კონსპირაციების თეორიებს აბრალებენ ჩვენს პარტნიორებს, რაც არის აშშ-ის შეურაცხყოფა. ჩვენ გვჭირდება არა ისეთი მთავრობა, რომელიც კიდევ ახალ-ახალ ბარიერებს გააჩენს აშშ-თან, არამედ მთავრობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან უფრო ახლოს იქნება საქართველოსთვის, საქართველოს ინტერესებისთვის. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“””, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

magti 5g