LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლონეთი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს“ – კიდევ რაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონელმა დიპლომატმა, ზბიგნევ რაუმ

141
რაუ და მიშა

საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ იმყოფება.

მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. აუდიენციის შემდეგ, მხარეებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პოლონელი დიპლომატის, ზბიგნევ რაუს განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრეს.

ზბიგნევ რაუს განცხადება პირდაპირ ეთერში პოლონურ ენაზე, თარგმანის გარეშე გადაიცა. მისი განცხადების თარგმანი „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

პოლონელმა მინისტრმა თავის შესავალ სიტყვაში ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში.

„პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია“ – ილია დარჩიაშვილი

„ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში პოლონეთი დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო.

პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის.

ღრმად გვჯერა, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება სრულად იქნება რეალიზებული, როდესაც შესაძლებელი იქნება განვითარების მოდელისა და უსაფრთხოების ჰარმონიზება ჩვენს კონტინენტზე.

როდესაც ევროპა, ჩვენი თანამემამულის, რომის პაპს იოანე პავლე მეორის დიდი ოცნების შესაბამისად, როგორც მან ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, შეძლებს ორი ფილტვით სუნთქვას, ორი ტრადიციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა…

მიგვაჩნია რომ ჰარმონიზაცია და ევროპული უსაფრთხოების განუყოფლობა და თანაბარი განვითარების პირობების უზრუნველყოფა ევროპის მასშტაბით უნდა მიგვიყვანოს ღია კარის პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებამდე. 

ეს პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, რომელიც 2008 წელს, ბუქარესტის ნატოს სამიტზე, მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას; ხოლო როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, იგი სათავეში ჩაუდგა რეგიონის ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ეს აგრესია შეეჩერებინა.

სწორედ რუსეთის იმპერიალიზმის შესაჩერებლად, იმისთვის, რომ ყველა ევროპელს ჰქონოდა თანაბარი განვითარების შანსი, ევროკავშირმა, პოლონეთის ინიციატივით, აამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელმაც, მათ შორის, საქართველოც მოიცვა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაუს თქმით, ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

„მივიჩნევთ, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესშიცაა. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე.

იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის – როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა.

გვიახლოვდება ვილნიუსის NATO-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.

მანვე აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან:

„ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც.

ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა.

მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში“, – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში, მინისტრი დარჩიაშვილი საპატიო სტუმარი ევროსაბჭოში იყო, ამიტომ, დღეს მათ შორის წარმართული საუბრები ბუნებრივია და აშკარაა, ბრიუსელში წარმართული კონსულტაციების გაგრძელებაა და ეხება, როგორც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის პრობლემატიკას, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ვილნიუსის NATO-ს სამიტის კონტექსტში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების მინისტრმა, ისაუბრა მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე და თქვა, რომ მხარებმა ასევე განიხილეს ყოფილი პრეზიდენტის სიტუაცია.

„ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება.

ვინაიდან, ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს თანაქმედება ახორციელებს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს, როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ასევე თავისუფალი მსოფლიო საზოგადოებისას.“ – განაცხადა ზბიგნევ რაუმ.

ცნობისთვის, ზბიგნევ რაუ საქართველოში, დღეს, 26 აპრილს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 28 აპრილამდე გაგრძელდება. პოლონელი დიპლომატი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.

 

mazda magti 5g