LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოპ-მუსიკის მეფის“ ტიტული, „გრემის“ 15 პრემიის მფლობელი და გინესის 25-გზის რეკორდსმენი – მაიკლ ჯექსონის სამი საკულტო კლიპი

994
მაიკლ ჯექსონის სამი საკულტო კლიპი

ყველა დროის ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად აღიარებული მაიკლ ჯექსონი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და სამართლიანად  დაიმსახურა და „პოპ-მუსიკის მეფის“ ტიტული, „გრემის“ 15 პრემიის მფლობელი და გინესის 25-გზის რეკორდსმენია. ამასთანავე, მუსიკოსი ორ ვარსკვლავს ფლობს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“, რომელთაგან ერთი ინდივიდუალურად, მეორე კი, ძმებთან ერთად მიიღო ჯგუფის Jackson 5-ის შემადგენლობაში.

Thriller

Thriller-მა, რომლის მსოფლიო პრემიერა 1983 წლის ნოემბრის თვეში შედგა, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში და ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა კლიპმეიკერებისთვის, რადგან ჯექსონმა ყველა მანამდე არსებული სტანდარტი დაარღვია და ტრადიციული, თრეკის თანმხლები ვიზუალური რიგის ნაცვლად მოკლე ფილმი შესთავაზა პუბლიკას, სადაც მუსიკა მხოლოდ პერფორმანსის ნაწილი აღმოჩნდა.

Thriller-ის სიუჟეტი ჯექსონმა ჯონ ლენდისის ფილმის „ამერიკელი მაქცია ლონდონში“ ნახვის შემდეგ მოიფიქრა და მასვე შესთავაზა კლიპის გადაღება, მით უფრო, რომ რეჟისორს, რომელმაც 1980 წელს მიუზიკლი „ძმები ბლუზები“ დადგა, უკვე ჰქონდა მუსიკოსებთან მუშაობის გამოცდილება. მართალია, კლიპის გადაღება ძალიან ძვირი – მთელი 500 ათასი დოლარი დაჯდა, რაც წარმოუდგენელი თანხა იყო იმ პერიოდისთვის, მაგრამ ხარჯმა გაამართლა, რადგან ლენდისმა არა უბრალოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არამედ 14-წუთიანი მეტად უჩვეულო მუსიკალურ ჰორორი შექმნა გამართული დრამატურგიით, დასრულებული სიუჟეტითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით.  

Billie Jean

კომპოზიცია Billie Jean, რომელიც პირველ რიგში ჯექსონის ვოკალური ექსპერიმენტებით გახდა საინტერესო, მუსიკოსმა თავად შექმნა და იმ ფანებს, განსაკუთრებით გოგონებს  მიუძღვნა, ვინც მუდამ თან ახლდა ჯგუფს Jackson 5-ს გასტროლებზე.

სტივ ბერონთან თანამშრომლობით შექმნილმა ვიდეომ, რომლის პრემიერა 1983 წლის მარტში შედგა, წინამორბედის ბედი გაიზიარა და ერთგვარი რევოლუცია მოახდინა პოპულარული მუსიკის ისტორიაში, რადგან პირველი კლიპი გახდა აფროამერიკელის შესრულებით, რომელიც MTV-ის როტაციაში მოხვდა, მოგვიანებით კი, წლის ყველაზე გაყიდვად სინგლად დასახელდა და რამდენიმე კვირით ჩაიბარა ლიდერის პოზიცია R&B Singles-ის ჩარტში.

Earth Song

Earth Song – ჯექსონის ერთ-ერთ ყველაზე სოციალური კომპოზიციაა, რომლითაც ეკოლოგიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე სცადა საზოგადოების ყურადღების გამახვილება. მეტად მასშტაბურმა ვიდეომ ოთხ კონტინენტი გააერთიანა, რადგან ამაზონის ტროპიკულ ტყეებში დაწყებული გადაღებები ჯერ ხორვატიაში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, მერე ტანზანიაში მასაის ტომის სოფელში გაგრძელდა და ნიუ-იორკის გარეუბანში, უორვიკის ცეცხლწაკიდებულ სიმინდის მინდორზე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ნიკ ბრანდტის შექმნილ ვიდეოში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა გერმანიასა და ბრიტანეთში მოიპოვა, პროფესიონალი მსახიობის ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები