პორტუგალიის 3 სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე ვირტუალური რეალობის გამოყენება დაიწყეს, რათა სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად საინტერესო გახადონ. სიახლის შესახებ Sin Noticias წერს.
ფიზკულტურის დარბაზში მოსწავლეებს ვირტუალური რეალობის სათვალეებს უკეთებენ და ჯოისტიკებსაც იყენებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ითამაშონ ჩოგბურთი ვირტუალური მოთამაშის წინააღმდეგ.
ეს პროექტი ჩვეულ ვარჯიშებს კი არ ანაცვლებს, არამედ მათ ავსებს. თითოეულ კლასში მოწყობილობების 6 კომპლექტია. მოსწავლეები მონაცვლეობით თამაშობენ და თან ტრადიციულ ფიზიკურ აქტივობასაც ასრულებენ.
პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ფიზკულტურით იმ მოსწავლეებსაც დააინტერესებენ, რომლებსაც ეს გაკვეთილი არასდროს უყვარდათ და ყოველთვის ვიდეო თამაშებს ამჯობინებდნენ.
პროექტი 3 თვე გაგრძელდება, შემდეგ ვირტუალურ ფიზკულტურას სხვა სკოლებშიც დატესტავენ.