“პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია. სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა, სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა.
მისი განცხადებით, წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაკავების კანონიერებაზე სათანადო კონტროლის არარსებობა, რაც საია-ს შეფასებით, კანონმდებლობის ხარვეზით არის გამოწვეული. საია-ს ანგარიშში პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზეც არის საუბარი. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურება ასევე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია.
“პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული. ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და შაბლონურია. ასევე, როცა საქმის გადახედვა ხდება, ესეც ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს და უმეტესწილად იგივე გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. ასევე საგულისხმოა, რომ პატიმრობისა და გირაოს გარდა, იშვიადად ხდება სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.
მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადები ჭიანურდება და არაგონივრულად დიდ ვადაში განიხილება საქმეები მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხანგრძლივი ვადა საჭირო არც კი იყოს საჭირო. ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად დადებითად გამოიკვეთა ის, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ იმატა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.