„ქართულ სინამდვილეში ბევრ ასეთ კრიტიკოსს არ ვიცნობ,“ – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ტელეკომპანია „POSTV“-ის წამყვანის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნას.
„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე მასთან მილაპარაკია, თუ არის სხვა ადამიანი ასეთი, რომ ასე კარგად იცოდეს ქართული კინო.
ქართული ფილმების შესახებ ასე კვალიფიციურად შეიძლება მსჯელობდეს და ქართულ სინამდვილეში ბევრი ასეთი კინოკრიტიკოსი იყოს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ბევრს ასეთს არ ვიცნობ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არავის ახსენდება ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“, რომელიც ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იმიტომ ვერ წარდგა, რომ დაფინანსება არ ჰქონდა.
მდინარაძის განმარტებით, მიზეზი სერიალის „ცხელი ძაღლი“ მეოთხე სეზონის გადაღება იყო, რომელსაც მისივე სიტყვებით, „ცენზურის მიხედვით დღის სინათლე არ ეღირსა“.
ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, სხვების სამსახურიდან დათხოვნა ჰგონიათ.
„..გუშინ ბევრჯერ ახსენებდნენ ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და რეჟისორს, არავის არ ახსენდება ის, რომ ზაზა ურუშაძის ფილმი, „მანდარინები“ ხომ ყველას გახსოვთ, ქართულ კინო პროდუქტად არ იყო წარდგენილი, რატომ არ იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იცით?! იმიტომ, რომ საქართველოში არ მისცეს დაფინანსება და რატომ არ მისცეს?! იმიტომ რომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მე-4 სეზონის ავტორი, რომელსაც ცენზურის მიხედვით დღის სინათლე მაშინ არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. აი, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომელიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ. რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ჰგონიათ აუცილებლად ვიღაცისავე სამსახურიდან დათხოვნა. რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს შეიცავს და მოიცავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძემ.
ქეთი დოლიძე კინოცენტრზე: დაუშვებელია, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს – არ არის კარგი მთავრობისთვის