LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებაში” ხუნდაძის “ამერიკულ მოდელს” განიხილავენ

96
78554320-532221610962720-992674174554079232-n

პარტია “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრა მომდინარეობს, რომელსაც უმრავლესობის დეპუტატების სრული შემადგენლობა და პარტიის თავმჯდომარე ესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი დიმიტრი ხუნდაძის და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ ახალ საარჩევნო მოდელს განიხილავენ, რომელიც გულისხმობს ორპალატიან პარლამენტს და არის ე.წ. “ამერიკული მოდელის” შესაბამისი. უმრავლესობის დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს ხუნდაძისეულ კანონპროექტს და მას არც  დეპუტატთა  უმრავლესობაც დაეთანხმება.

“ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია კონსტიტუციას ეწინააღმდეგება” – უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო

სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებელი და უპერსპექტივოა – მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატ სიმონ ნოზაძეს.

„უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა, იმიტომ, რომ ადგილებზე როგორც წესი, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული ბექგრაუნდი გააჩნია და პოპულარულია. მე ეს ცვლილება უპერსპექტივო მგონია, რა თქმა უნდა, 11-ზე მეტი ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, სხდომის დაწყებამდე განმარტა, რომ მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი არგუმენტის წარმოდგენაა საჭირო, ვიდრე დიმიტრი ხუნდაძემ აქამდე ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, დისკუსიისთვის არანაირი პრობლემა არ არის, შეიძლება ამ დროსაც ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა და რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. მოდით, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024 წელს, ამას გვაჩვენებს დრო, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ამიტომ პროპორციულიც უნდა ვნახოთ როგორია, შერეულიც, მაჟორიტარულიც, ყველას უნდა შევეხოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რომელი იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის განსჯის საგანი, ჯერ კონსტიტუციას არ ვეხებით“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

პარტიის ოფისთან იმყოპება საპატრულო პოლიცია, რომელიც პერიმეტრს იცავს, თუმცა სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები