„ქართული ოცნების“ პოლიტიკის სტილია, რომ სადაც არგუმენტები არ აქვს, შეურაცხყოფაზე გადავიდეს – შეკვეთის შემსრულებელს „ქართული ოცნება“ არ დასჯის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ხედავთ, რაც ხდება სხდომაზე, ეს არ არის შემთხვევითი. არ იფიქროთ, რომ ვინმემ ბერაიას საყვედური უთხრას, ან ალუდა ღუდუშაურს..
შეიძლება ფორმალურად ვინმემ საჯარო სივრცეში ბოდიში მოიხადოს ან თქვას, რომ არ მოსწონს..
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებებს ემოციით არ იღებენ. რამდენიმე ადამიანია, რომელიც ანიშნებს, რომ უნდა იყეფონ და ჩხუბობენ – თუ ანიშნებენ, უნდა გაჩუმდნენ და დასხდნენ კუთხეში. ჩემი თვალით მინახავს ამგვარი ქმედებები, ადამიანი მიცინოდა, უცებ ანიშნეს და ჩხუბი დაიწყო,“– განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.
წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი“, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს „ბანძი“ უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ,“ – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
