„მოხდა საგადასახადო ტვირთის ზრდა და ამას დაერქვა დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, თითქოს ასე უნდა ვუპასუხოთ ჩვენ სიღარიბეს”-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატის შეფასებით, 2018 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ პარლამენტმა მიიღო საზიანო გადაწყვეტილება და გაზარდა გადასახადები.როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რეალურად გადასახადი გაეზარდა დასაქმებულსაც და ბიზნესსაც.მისივე თქმით, სიღარიბის დასაძლევად გამოსავალი არა უმუშევრობის კომპენსაცია , არამედ მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
„მოხდა საგადასახადო ტვირთის ზრდა და ამას დაერქვა დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, თითქოს ასე უნდა ვუპასუხოთ ჩვენ სიღარიბეს და ასე უნდა უზრუნველყონ მოქალაქეებმა ღირსეული სიბერე. თქვენი მოდელით, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა – 40 წლის მასწავლებელი ქალი, 20 წლის შემდეგ როდესაც გავა პენსიაზე, თუ დღეს მისი დარიცხული ხელფასი 500 ლარია, ის ხელზე აიღებს დღევანდელი მსყიდველუნარიანობის მხოლოდ 84 ლარს. ამ მასწავლებლებს უთხარით, რომ როდესაც პენსიაზე გავლენ, ღარიბები იქნებიან. ახლა პარლამენტში დარეგისტრირებულია „ევროპული საქართველოს“ ალტერნატიული მოდელი, რომელიც ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამ მოდელის თანახმად, დღეს 40 წლის მასწავლებელი, რომელსაც დარიცხული ხელფასი აქვს 500 ლარი, 20 წლის შემდეგ დღევანდელი მსყიდველუნარიაონობის 576 ლარს აიღებდა ყოველთვიურად“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, ინფლაციის შედეგად ადამიანების ყოველდღიური ხარჯი გაზრდილია და მათთვის ხელფასიდან ჩამოჭრილი 6-7 ლარიც კი მნიშვნელოვანია.
დღეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვი იყო ნათქვამი, რომ 705 კანონი მიიღო პარლამენტმა, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, რა მიიღო აქედან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ და სამწუხარო რეალობა არის, რომ 2018 წელს გავიგეთ, რომ საქართველოს სიღარიბე გაიზრდა. ამან გაიჟღერა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაშიც, მაგრამ ვერ მოვისმინეთ მკაფიო ხედვა, თუ რა უნდა იყოს მომავალში პარლამენტის საქმიანობა, რომ სიღარიბე შემცირდეს“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
