პარიზში, ლუვრის მუზეუმში მოწყობილ არტ-ბაზრობასა და გამოფენაში მონაწილეობას ქართველი მხატვრები მიიღებენ. როგორც “ფორტუნას” მხატვარმა გიორგი ტაბლიაშვილმა განუცხადა, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი არტ-ბაზრობა ” LE CARROUSEL DU LOUVRE”. აღნიშნული გამოფენა ყოველწლიურად 2003 წლიდან იმართება. გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გალერეები.
“წელს არტ-ბაზრობასა და გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 9 ქართველი მხატვარი: ლელა ტაბლიაშვილი, ლელა გელეიშვილი, ლევან ბუჯიაშვილი, ივანე კვიცინაძე, გიორგი ტაბლიაშვილი, დათო სილაგაძე, ინგა გაბაშვილი, ნათია დოლიძე და რუსუდან ზვიადაძე. ტრადიციულად, გამოფენას ჰყავს ხელოვნების მოყვარული მრავალი ათასი დამთვალიერებელი, მათ შორის, სპეციალური სტუმრებიც სხვადასხვა ქვეყნიდან”, – განაცხადა ტაბლიაშვილმა.
გამოფენა ლუვრის მუზეუმში 21-23 ოქტომბერს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით გაიმართება.