LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოცეკვავეს მიერ შექმნილი ორიგინალური მაგიდის გადასაფარებლებით აშშ-ში, კანადასა და გერმანიაშიც ინტერესდებიან

89
IMG-0262

როგორია ხელოვანის მიერ დაწყებული ბიზნესსაქმიანობა1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი, სახელწოდებით EKOSI გამოჩნდა, რომელიც მაგიდის ორიგინალურ გადასაფარებლებს აწარმოებს.

EKOSI-ს დამფუძნებელი ქართველი ხელოვანი, ანსამბლ „რუსთავი”-ს მსახიობ-მოცეკვავე ეკა მოდებაძეა, რომელმაც „ბიზნესნიუსის“ ეთერში ბრენდის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორ გაჩნდა EKOSI -ს დაარსების იდეა და რამდენად მარტივი აღმოჩნდა ხელოვანი ადამიანისთვის ბიზნესსაქმიანობის წამოწყება?

EKOSI-ს დაარსების იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, როდესაც სრულად ჩაკეტილი იყო ქვეყანა. ჩვენს ოჯახში სტუმრიანობა ძალიან გვიყვარს და ერთ დღესაც, რაღაცნაირად ძალიან მომინდა, რომ განსაკუთრებულად ლამაზი სუფრა დამეხვედრებინა ჩემი სტუმრისთვის. ასეთი სახლში ვერაფერი ვიპოვე, ამიტომ, მე თვითონ დეტალი დავამატე ერთ-ერთ სუფრას. აქედან დაიწყო ყველაფერი, ოვაცია და აღფრთოვანება რომ დაიმსახურა ჩემმა გაფორმებულმა სუფრამ, გადავწყვიტე ამისთვის უკვე ბიზნესის სახე მიმეცა.

მარტივი ცხოვრებაში არაფერი არ არის, მით უმეტეს, როდესაც ხელოვანი ხარ, მთელი ცხოვრება დაუთმე შენს საქმეს და პარალელურად ერთვები სხვა საქმეზე, მაგრამ, იმდენად მოტივირებული და მონდომებული ვიყავი, როცა EKOSI-ს  შექმნა გადავწყვიტე, რომ გამომივიდა.

-დღეისათვის, რამდენი სახეობის პროდუქცია იწარმოება EKOSI -ს ბრენდის ქვეშ?

დავიწყე სუფრით – მაგიდის გადასაფარებლებით, შემდეგ ფეხსაცმლის საკიდი დავამატე, მოგვიანებით საწოლის გადასაფარებლები, ფარდა, ხალათი, პირსახოცი და ასე ნელ-ნელა ვვითარდებით. ამჟამად, პროდუქციაზე რამდენიმე ადამიანთან ერთად ვმუშაობ. დასაქმებული მყავს არაჩვეულებრივი მკერავები, მყავს დამხმარეც, მაგრამ, ძირითადად პირადად ვარ ჩართული საქმეში.

რა არის ის მთავარი ნიშანი, რის გამოც მომხმარებელმა EKOSI –პროდუქცია უნდა შეიძინოს და არა მაგალითად, იმპორტირებული?

ეს არის: ხარისხი, ფასი და მომხმარებლის ინტერესზე მორგება. მაგიდის გადასაფარებლების ნაწილში, შემოტანილი პროდუქცია ვერ ესადაგება იმ სტანდარტებს, რაც სჭირდება მომხმარებელს და რასაც ჩვენ მათ ვუქმნით იმიტომ, რომ პირველ რიგში, ზომები ხშირ შემთხვევაში არ ესადაგება მაგიდას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ნებისმიერი მომხმარებელი ამ კუთხით იყოს კმაყოფილი და სუფრა მოვარგოთ მათ მაგიდას. გარდა ამისა, ჩვენი გადასაფარებლები არის უმაღლესი ხარისხისს და რაც მთავარია, ფასი არის ხელმისაწვდომი და ბაზარზე მორგებული.

სხვათა შორის, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ქართული წარმოების მაგიდის გადასაფარებლებზე უცხოეთშიც მაღალი მოთხოვნაა. გვაქვს ქართული ანბანით და ორნამენტებით გაფორმებული სუფრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად: ამერიკაში, კანადაში, უკრაინაში, გერმანიაში. გვქონდა უკვე ექსპორტის წარმატებული შემთხვევებიც.

რაც შეეხება ნედლეულს, რითი ქმნით პროდუქტს?

ჩვენ გვყავს ქსოვილების ექსკლუზიური შემომტანი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ექსკლუზიურად EKOSI -სთვის შემოაქვს მრავალფეროვანი ქსოვილები. რამდენიმე ტიპის ქსოვლიზე ვმუშაობთ, მაგალითად, ჩვენს მომხმარებელს ხავერდი ძალიან უყვარს. ზოგადად, EKOSI -ს პროდუქციის გამოჩენა ბაზარზე თავიდანვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან და 1 წლიანი არსებობის ფონზე, ბრენდის ცნობადობა საკმაოდ მაღალია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.

სად ხდება EKOSI -ს პროდუქციის რეალიზაცია და სამომავლოდ, თუ განიხილება საექსპორტო გეგმებიც?

რეალიზაცია თავიდან დავიწყეთ ონლაინ, შემდეგ გავაკეთე ოფისს-სალონი, სადაც მომხმარებლები მოდიან და მე იქ ვურჩევ ჩემს პროდუქციას. სხვათა შორის, წელს გეგმაში მაქვს მაღაზიის გახსნა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე სავაჭრო მოლთან, რომ ჩვენი პროდუქცია წარმოვადგინოთ მათთან. მაქვს გეგმები პროდუქციის გამრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც და ცხადია, მაქვს საექსპორტო გეგმებიც, რასაც უახლოეს მომავალში გავაცნობ ჩვენს მომხმარებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g