LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა მისცეს ჩვენება – რატომ დააჯარიმა მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატი

220
ქეთი ჯავახიშვილი

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა მისცეს ჩვენება. ქეთევან ჯავახიშვილის დედამ, ნინო ჯავახიშვილმა პროცესზე ჯერ კიდევ ესპანეთში ყოფნისას, მისი შვილის სახეზე არსებულ დაზიანებაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულმა მიაყენა.

„თვალი ჰქონდა გასივებული. სიჩქარეში დავარტყი ფანჯრის საკეტსო, მითხრა. ქეთის მეგობრისთვის უთქვამს, მშობლებს ვერ გავუმხილე და ეს ტრავმა ოთარ ცინდელიანმა მომაყენა, დედამისი რომ არ შესწრებოდა, შეიძლება მოვეკალიო“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, ქეთი ჯავახიშვილმა ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული.

გოგოს მამამ, კობა ჯავახიშვილმა ჩვენებისას განაცხადა, რომ მან ნახა მისი შვილის დასახიჩრებული ცხედარი.

„იმ დილით ქეთი ტელეფონს არ პასუხობდა, მაგრამ ზარი გადიოდა. 10 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ გავედი, მეზობელმა დამიძახა, მკვდარი აგდიაო, მაღლიდან დავინახეო, ბიჭი მეგონა, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი. დავბრუნდი, ვიფიქრე, იქნებ ცოცხალია და რამე საშველი იყოს-მეთქი. გრძელი თმები დავინახე, სახით ძირს იყო, გადმოვატრიალე და ჩემი შვილი იყო, დასახიჩრებული. წელის და ყელის არეში ჰქონდა დიდი ჭრილობა, სახე და ხელები დასისხლიანებული ჰქონდა….ეს გველი ყოფილა და არა ნათესავი, გულშიც ვერ გავივლებდი ამას“, – განაცხადა კობა ჯავახიშვილმა.

ამასთან, სასამართლო პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატი გელა ტყეშელაშვილი 100 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატს კითხვების კორექტულად დასმისკენ მოუწოდა, თუმცა, მან მოკლული გოგოს მამას, მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად კითხვა მაინც დაუსვა მისი შვილისა და ცინდელიანის ურთიერთობის შესახებ.

აღნიშნული კითხვა, ბრალდების მხარემ გააპროტესტა, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ მისი შვილისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ არ იცოდა. მოსამართლემ ადვოკატს თავდაპირველად შენიშვნა მისცა, შემდეგ კი მოსამართლის მითითების დარღვევის გამო დააჯარიმა.

ადვოკატის კითხვაზე, „რატომ გაგეპარათ იმ ღამეს შვილი, თუ ამბობთ, რომ ის არასდროს გატყუებდათ“, კობა ჯავახიშვილმა ასე უპასუხა – „წადი და კითხე ჩემს შვილს”, რასაც ადვოკატმა ასე უპასუხა – “შენ უფრო ახლოს ხარ და კითხე”.

სასამართლო პროცესზე მოკლულის დედამ პოზიცია დააფიქსირა სასჯელის ნაწილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ცინდელიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული“ – პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

სლაიდზე სასამართლო პროცესის კადრი: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები