მომღერალი ქეთი წიკლაური პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, არის თუ არა ის ადამიანი, ვინც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ერთნაირად უფრთხილდება და ცდილობს, რომ არ „გადაიწვას“.
ქეთი წიკლაური:
– კი, მაგრამ დღეს ცხოვრების ტემპი ისეთია, რომ ყოველთვის არ გამომდის. ყველანაირად ვცდილობ, სერიოზულად ვარ დაინტერესებული ფსიქოლოგიით და ფიზიკურადაც – რა დროც მაქვს, აქტიურად დავდივარ ფეხით, ვცურავ, ვვარჯიშობ, სწორად ვიკვებები. ელემენტარულის გაკეთებას ვცდილობ. ბოლო დროს მივხვდი, რომ განსაკუთრებით საჭიროა ინფორმაციული დეტოქსი. განტვირთვა სოციალური ქსელებიდან თუ არასასურველი ურთიერთობებიდან. ეს ახლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძალიან პატარა წრეა, რომელთან ურთიერთობაშიც შემიძლია, საჭირო წონასწორობა შევინარჩუნო, მაგრამ ზოგჯერ ესეც ზედმეტია და მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოებისა და ღმერთთან დარჩენის სურვილი მაქვს. ხშირ შემთხვევაში მარტოობა ძალიან კარგია.