LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება მოგზაურობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?

633

დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ დასვენება და განტვირთვა ყველასთვის სასურველია.

თუ თქვენ ამისთვის დანაზოგის გაკეთებას შეძლებთ, ან სხვაგვარად გამოყოფთ თანხებს დასვენებისთვის, ამის შემდეგ დადგებით არჩევანის წინაშე – სად გაატაროთ უიქენდი?

საქართველოში? – ლოპოტაზე, კაჭრეთში თუ სხვა ბრენდულ სასტუმროში ან საზღვარგარეთ? – შედარებით დაბალი დონის სასტუმროში, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პირობითად, ვთქვათ, რომ დასვენებისთვის 1000 ლარი გამოყავით.

ახლა დავიწყოთ ზრუნვა საქართველოს ფარგლებში სასტუმროს დაჯავშნაზე.

კაჭრეთის “ამბასადორში” ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 95 დოლარიდან იწყება. ორადგილიანი ლუქსის ღირებულება კი 180$-ია. ამ ფასში მხოლოდ საუზმე შედის. ანუ კაჭრეთში მხოლოდ სასტუმროში განთავსება ორი დღით 190$ დაგიჯდებათ, რაც მიმდინარე კურსით 500 ლარზე მეტია.

სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთში

თბილისიდან კაჭრეთამდე 84 კილომეტრია, გზაში სავარაუდოდ, 40-ლარამდე დაგეხარჯებათ. 2-დღიანი კარგი კვებისთვის და სასტუმროს სხვა სერვისების გამოყენებისთვის (სპა, მასაჟი, აუზი, ფიტნესი) 500 ლარზე ნაკლები დაგრჩებათ. ასე რომ, 1000 ლარს ორ დღეში მთლიანად დახარჯავთ, თან ისე რომ საოცარი სასტუმროს ვერც ლუქს ნომერში მოთავსდებით და ვერც ყველა მისი სერვისით ისარგებლებთ.

თუ გინდათ ქალაქის ხმაურს უფრო შორს გაექცეთ, “ჰოტელ რუმს ყაზბეგს” შემოგთავაზებთ, სადაც ნომრის ღირებულება 76.00 დოლარიდან იწყება და 140 დოლარამდე ადის.

სასტუმრო ,,რუმს ჰოთელ” ყაზბეგი

საქართველოში მგზავრობის მინიმალურ ხარჯებს, სასტუმროსა და კვების უზარმაზარი თანხები უნდა დავუმატოთ და ეს იქნება თქვენი უქმეების დასვენება 1000 ლარის ფარგლებში – კომფორტში, მაღალი დონის სასტუმროში, თუმცა მაინც საქართველოში.

რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენებას, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ, ეს უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ვიზისა და ტრანსფერის ხარჯები ერთიანად 250 ლარს არ გადააჭარბებს.

ახლა კი დანარჩენი:

მაგალითად დღეს, შესაძლებელია ვარშავის ბილეთი 8 იანვრის მგზავრობისთვის 12.99 ევროდ შეიძინოთ ვიზეარის საიტზე და უკანაც სწორედ ამ ფასად გამოფრინდეთ. ანუ პოლონეთში გამგზავრებას და დაბრუნებას 80 ლარის ფარგლებში მოახერხებთ. (ახლა ევროს კურსი საკმაოდ მაღალია, ეროვნული ვალუტის დასტაბილურების შემდეგ, ეს მგზავრობა კიდევ უფრო იაფი დაგიჯდებათ).

ვარშავა

სასტუმროს დაჯავშნა კი ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ.

ჩვეულებრივი ოთახის ქირაობას 10 დოლარიდანაც კი შეძლებთ. 25 დოლარიდან კი მთელი სახლის დაქირავებას მოახერხებთ, თან ამ სახლში უკვე რამდენიმე მეგობარს ერთად შეგიძლიათ დასვენება, ისე რომ მისი ღირებულება არ გაიზრდება.

გამოდის, რომ იმ ფასად, რაც საქართველოში სტანდარტულ სასტუმროში დაბინავება ღირს, თქვენ პოლონეთში გადაფრენას, ოთახის ან სახლის დაქირავებას და ქალაქში გადაადგილებასაც შეძლებთ.

თან ნახავთ ახალ ქალაქს, გაიცნობთ უცხო ადამიანებს, გაეცნობით სხვა კულტურას და სრულიად ახალი ენერგიითა და შეგრძნებებით დაბრუნდებით სამშობლოში.

და ეს ასეა, არა მხოლოდ პოლონეთის შემთხვევაში.

ბუდაპეშტის ბილეთების შეძენა ვიზეარის საიტზე (მაგალითად 9 იანვრის) 21.99 ევროდ შეგიძლიათ.

ბუდაპეშტი

ორმხრივი მგზავრობა ბუდაპეშტში 43.98 ევრო დაგიჯდებათ. (ეს დღეს მოქმედი კურსით, 117 ლარია).

ოთახის დაქირავება, ბუდაპეშტშიც 10 დოლარიდან არის შესაძლებელი. 16 დოლარიდან კი თქვენ სახლის დაქირავებას შეძლებთ (ამ ფასის ფარგლებში სახლები სუფთა, მოვლილი, მოწესრიგებულია და ამავე დროს, აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა თუ ტექნიკით).

1000 ლარის ფარგლებში, შედარებით შორეულ მოგზაურობაზეც შეგიძლიათ ფიქრი. მაგალითად, მილანში.

ჩრდილოეთ იტალიის ამ მთავარ ქალაქში გადასაფრენად ბილეთებს თუ ერთი თვით ადრე დაჯავშნით, ორმხრივი მგზავრობა 150 ლარზე მეტი არ დაგიჯდებათ.

თუკი, გამგზავრება მალევე გსურთ, მაგალითად იანვრის დასაწყისში, ამ შემთხვევაში ბილეთების ფასი ორმაგდება.

მილანი

ოთახის დაქირავებას მილანში 30 დოლარიდან შეძლებთ. 35 დოლარიდან კი უკვე საკუთარ სახლსაც დაიქირავებთ, მათ შორის მილანის ცენტრში. სადაც, თქვენ გარდა კიდევ სულ მცირე ერთი ადამიანის განთავსებასაც უზრუნველყოფთ.

ანუ მილანში გამგზავრებას და დაბინავებას, 310 ლარიდან შეძლებთ, დამატებითი ხარჯებისთვისაც თუ ამდენივეს გამოყოფთ, შესანიშნავ დასვენებას მოიწყობთ და ულამაზეს ქალაქსაც დაათვალიერებთ.

ერთადერთ პრობლემას, რასაც ახლა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფრენებისას წააწყდებით, ის არის, რომ კონკრეტული მიმართულებებით, ფრენები მხოლოდ კვირაში ორჯერ ხორციელდება – ანუ გადაფრენას პარასკევს საღამოს ან შაბათ დილით და გადმოფრენას კვირას საღამოს ან ორშაბათ დილას ამავე ფასად ვერ შეძლებთ.

თუმცა, ეს მხოლოდ ზამთრის სეზონზე ხდება. ცივი სეზონის გასვლისთანავე, თქვენ უფრო თამამად შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას.

ასე რომ, არჩევანი თქვენს ხელთაა, თუ luxary სასტუმროებში უფრო კარგად ისვენებთ, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალი თავგადასავლების აღმოჩენით და თან ვიზისთვის საბუთების შეგროვების დროც არ გაქვთ, შეგიძლიათ ქართულ სერვისს მიმართოთ.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამავე თანხით და უფრო იაფადაც შორეული მოგზაურობის დაგეგმვა და საოცნებო ქვეყნების ნახვა შეგიძლიათ.

ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში კი, რასაც ექსპერტები გაზაფხულიდან ვარაუდობენ, საზღვრები უფრო ფართოდ გაიხსნება და საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა უფრო იაფი და კომფორტული გახდება.

ასე რომ, არ დაიზაროთ და მერწმუნეთ, გასახსენებლად, უცხო ქვეყანაში გატარებული დრო ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ, მაღალი დონის სასტუმროში ყოფნა.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g