LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ხმა ხუმრობას მისცეს: რა კავშირი აქვს პრეზიდენტ-მსახიობ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილთან

1449
saakashvilidazelenski

სკოლის ისტორიის მასწავლებელი მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება – ეს უკრაინული ტელესერიალის სიუჟეტია, პოპულარული კომიკოსი და პაროდისტი, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი გახდეს – ეს უკვე რეალობაა. ორივე შემთხვევაში მთავარ როლს ვლადიმირ ზელენსკი ასრულებს.

ვინ არის სინამდვილეში განათლებით იურისტი, მაგრამ რეალურად მსახიობი ზელენსკი, რა კავშირი აქვს მას პოროშენკოს მოწინააღმდეგე ოლიგარქთან და მართლა განიხილავს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას გამარჯვების შემთხვევაში?

რადიო „ფორტუნა“ მსოფლიო მედიის მთავარ აქცენტებს გაეცნო.

ინტერნეტამოცემები ეჭვის თვალით უყურებენ ზელენსკისა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კავშირებს და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები რეალურად ოლიგარქებს შორის ბრძოლაა.

„ევრონიუსის“ჟურნალისტი სტატიაში წერს, რომ უკრაინის არჩევნებში რეალურად იგორ კოლომოისკი და პოროშენკო იბრძვიან. ორივე მათგანი  კი, საკუთარ მედიაპლატფორმას ეყრდნობა, რომლებსაც თავად აკონტროლებენ. მაგალითად, არჩევნებამდე კოლომოისკის ტელეარხმა სერიალ „ხალხის მსახურის“ ახალი სეზონი დაიწყო, სადაც მთავარ როლს ზელენსკი ასრულებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზელენსკის მეგობარ ოლიგარქს, პოროშენკოს მთვარობასთან 2016 წელს სამართლებრივი დავა ჰქონდა. მაშინ მისი კუთვნილი PrivaBank სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ ყველა საკითხზე გადაწყვეტილებების მიმღები ოლიგარქი იქნება.

უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ზენონ ზავადა ამბობს, რომ მსახიობის გამარჯვება ქვეყანაში დესტაბილიზაციის რისკს გაზრდის. ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ოლიგარქი კომიკოსსა და პაროდისტს ქვეყანას არ ჩააბარებს და მისი მიზანია, მთავარ კანდიდატებს შეევაჭროს, შემდეგ კი ზელენსკის კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ მაღალი პოლიტიკური და ფინანსური ბონუსები მიიღოს.

ვლადიმერ ზელენსკი და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ზელენსკის ღია მხარდაჭერას უცხადებს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ზელენსკი უკრაინის მომავალი პრეზიდენტია. ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბარში სააკაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკის თუ ზურგს ოლიგარქი უმაგრებს, ამის ხალხს არ უნდა ეშინოდეს.

„პოროშენკო თავადაა ოლიგარქი და სხვა ოლიგარქებთან, ადგილობრივ ბანდიტებთანაა მოლაპარაკებაში შესული. როგორ უნდა გეშინოდეს ზელენსკის სეპარატიზმის და თავს უკრაინის პატრიოტად ასაღებდე, როცა მთელი საარჩევნო კამპანია უკრაინის მტერთან – რუსეთის ოფიცერ ტრუხანოვთან ერთად ჩაატარე“, – აცხადებს სააკაშვილი.

ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან რაიმე ტიპის კავშირზე არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მან უკრაინის ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

„მთავარი როლი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თამაშობს, არის ევროპაში ქვეყნის დემოკრატიის დაცვა . მე ვთვლი, რომ ის სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ყველასთვის, ვინც პოლიტიკოსობას აპირებს. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს შეუძლია, უკრაინის ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. თუ ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ“, – აცხადებს ზელენსკი.

 

https://www.youtube.com/watch?v=FWifw63VnNc


რუსული მოლოდინები და უკრაინული რეალობა

რუსული სააგენტოები წერენ, რომ მეორე ტურში გამარჯვების მაღალი შანსი მოქმედ პრეზიდენტს აქვს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ პირველ ტურში უკმაყოფილო ამომრჩევლებმა ხმა ხუმრობას მისცეს, მაგრამ შემდეგ მიხვდებიან, რომ ზელენსკისთვის ხმის მიცემა არასერიოზულია. მედვედევის პროგნოზით, მეორე ტურში ბრძოლა პოროშენკოს სასარგებლოდ დასრულდება.

უკრაინაში კი ამ დროისთვის, ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 60%  უკვე დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ხმების 30, 36% ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო, პოროშენკომ – 16, 40%, ტიმოშენკო კი 13, 08%-ით მესამე ადგილზეა.

უკვე ცნობილია, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21აპრილს გაიმართება.

 

პოპულარულები