LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროექტებს ახორციელებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო – სახალხო პლატფორმა

544
დავით ჯაიანი

რა პროექტებს ახორციელებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა ისაუბრა.

რა მდგომარეობაა ახალ სატრანსპორტო კვანძებთან დაკავშირებით?

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა და რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი. ჩატარდა საგზაო სამუშაოები, დაიგო ასფალტის ახალი საფარი. ასევე, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები, ზებრა გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა „ჭკვიანი“ შუქნიშნები და საგზაო ნიშნები, ასევე, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.

მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ზებრა გადასასვლელები.

ასევე, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და 914 მ2 ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

აღნიშნული კვანძის მოწყობით, ქალაქის ერთ-ერთ დატვირთულ მონაკვეთში სატრანსპორტო ნაკადების ქაოტურად გადაადგილება მოწესრიგდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკს და კვანძს გამტარუნარიანს ხდის. ასევე, ქვეითებისთვის შეიქმნა უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

გმირთა მოედანზე “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია- რეკონატრუქცია განხორციელდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყო, ამორტიზირებული გაზმომარაგების მილები შეიცვალა და საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. საგზაო სამუშაოები 32 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა, სადაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ამასთან , მოეწყო ახალი გარე განათების ქსელი Led სანათებით. გარდა ამისა, განახლებული ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის. პროექტი წარიმართა წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს გზაჯვარედინზე გადაადგილების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფარგლებში, ორი ახალი შუქნიშნის ობიექტი მოეწყო, რომლებიც სანაპიროზე არსებულ შუქნიშნით რეგულირებულ კვანძთან სინქრონულად იმუშავებს, რაც საგზაო მოძრაობის ორგანიზებას გააუმჯობესებს. ასევე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც ფაზების ცვლილებისას ქვეითებს შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას მისცემს, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის. სივრცის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, მოეწყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების უფრო დინამიკურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს. უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი განხორციელდა შესაბამისი კუნძულების მოწყობა და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. გზის მიმდებარედ მოწყობილ თარგებში, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 141 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, 4 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ბოლო პერიოდში, არაერთ მისამართზე მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, მათ შორის: მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე, მიხეილ თამარაშვილის გამზირის N13-ის მიმდებარედ ბენზინგასამართ სადგურებს შორის;

გლდანში სარაჯიშვილის გამზირზე გლდანის რაიონის გამგეობის მიმდებარედ, დიდუბეში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბელიაშვილისქუჩის გადაკვეთაზე.

რა ფაზაშია ახალი პროექტი, რომელიც ტრამვაის განახლებას ეხება?

ტრანსპორტის განვითარების ისტორიაში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება – თბილისში ტრამვაი ბრუნდება. პირველად, თბილისში თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ტრამვაის ხაზი აშენდება, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ტრამვაის 7 კილომეტრიან ხაზზე 11 გაჩერება იქნება. ტრამვაი:

  • უზრუნველყოფს დიდ დიღომში გაზრდილი მგზავრთნაკადის კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას;
  • შეამსუბუქებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დატვირთვას; • განტვირთავს საცობებს;
  • გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას;
  • ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში.

შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება.

როგორც ცნობილია უნდა მოეწყოს მეტროს ახალი ამოსასვლელები?

მეტროსადგურების „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელების მშენებლობა განხორციელდება.

მეტროში მგზავრთნაკადი დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, მეტროს ამოსასვლელების დატვირთულობა, განსაკუთრებით პიკის საათებში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გადატვირთულია მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ამჟამად არსებული თითო ჩასასვლელი სამომავლოდ ვერ შეძლებს გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურებას.

ამჟამად, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე და დაიწყება უშუალოდ სამუშაოები.

მეორე, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურებს განტვირთავს და მგზავრთა სწრაფ, უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი გააუმჯობესებს საქვეითო მისაწვდომობას და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი. ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან.

გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე სადგურზე.

ახალი ამოსასვლელების მიმდებარედ, 200 მეტრის რადიუსში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სრულიად რეაბილიტირდება და მოწესრიგება. კერძოდ, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, არსებული გარემო გაუმჯობესება და თანამედროვე იერსახეს შეიძენს. საერთო ჯამში, შეიქმნება თითოეულ მაცხოვრებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ურბანული სივრცე. 

Dio magti 5g