LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სჭირდება ბავშვს სასკოლო მზაობისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

150
მაკა აბაზაშვილი

რა სჭირდება ბავშვს სასკოლო მზაობისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაკა აბაზაშვილმა ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქო-ემოციური მზაობა?

ბავშვის ემოციური რეგულაციის პროცესში მნიშვნელოვანია, მშობლის მიერ ბავშვის ემოციის ვალიდაცია: – „ვხედავ, რომ ნერვიულობ“, ნაცვლად ემოციის უარყოფისა- „არაფერია სანერვიულო“.

წინასწარი ადაპტაცია – ძილის, კვების რეჟიმის მოწესრიგება, მაღვიძარას გამოყენება, ბავშვისთვის თავისი სასწავლო კუთხის მოწყობა, რომელშიც თავად მიიღებს მონაწილეობას, თქვენ კი მისი დამხმარეები იქნებით. გაითვალისწინეთ მისი გემოვნება, სურვილები , რათა ეს პროცესი რომელიც სწავლას უკავშირდება სასიამოვნო შეგრძნებებითა და ემოციებით დაიწყოს.

გაითვალისწინეთ, თუ სახლში არ გაქვთ საკმარისი ფართი, რომ ბავშვს ასეთი კუთხე დამოუკიდებელ სივრცეში მოუწყოთ, ეცადეთ მინიმალურად მაინც შეუქმნათ მას მყუდრო გარემო:- აქტივობებისას, როცა ის ზის და ხატავს ან რაიმე მისი ასაკის შესაფერს სავარჯიშოებს აკეთებს ამ დროს გამორთეთ ტელევიზორი, ყველა გაჯეტი გაიტანეთ ამ სივრციდან… ეს დაეხმარება ბავშვს კონცენტრაციაში, ყურადღების გამახვილებაში და ბევრად უფრო ეფექტიანად და ხარისხიანად წარიმართება მისი „სამუშაო” პროცესი…

რაში ეხმარება ბავშვს სოციალური უნარები?

სკოლამდელ ასაკში ვითარდება სოციალური თანამშრომლობა, რაც თამაშის, თანატოლებთან ურთიერთობის და ინსტრუქციების მიღების საშუალებით იხვეწება.

რეკომენდებულია როლური თამაშები („მასწავლებელი–მოსწავლე“) სოციალური სცენარების მოსამზადებლად – თავად თქვენ ეთამაშეთ, ეს დაგეხმარებათ წარმოადგენინოთ ბავშვს სკოლის სიტუაცია, აუხსნათ წესები ზარის დარეკვასთან, დასვენებებთან, საპირფარეშოს გამოყენებასთან, კვების შესვენებასთან, გაკვეთილზე ქცევასთან დაკავშირებით. თამაშ-თამაშით ეს საინტერესოც იქნება, სახალისოც და ბევრად შედეგიანიც.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობისთვის?

Erikson-ის მიხედვით, სკოლამდელ ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს მცირე, ასაკის შესაბამისი დავალებები, რაც წარმატების განცდას და თვითეფექტიანობას ზრდის.

თვითმომსახურების უნარები როგორიცაა ჩაცმა, ჰიგიენის დაცვა, დამოუკიდებლად ჭამა, ჩანთის მოწესრიგება) ამცირებს სეპარაციის (განშორების) შფოთვას და ბავშვს აძლევს დამოუკიდებლობის განცდას, თავდაჯერებას, რომ შეუძლია გაუმკლავდეს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.

თუ სახლში ამ ყოველივეს თქვენ ასრულებთ თქვენი შვილის ნაცვლად, ეს ნიშნავს, რომ მისი დამოუკიდებლობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია, სკოლის სივრცეში კი ისეთი მოთხოვნები დახვდება, რომლისთვისაც ფაქტობრივად შეუიარაღებელს და მოუმზადებელს ტოვებთ. ამას როგორც წესი მოჰყვება იმედგაცრუება, თვითშეფასების დაქვეითება, აგრესიული ქცევაც კი, ზიზღი სკოლის მიმართ და რთულდება სიტუაციის მართვა.

მიაჩვიეთ თქვენი შვილები ასაკის შესაბამისად დამოუკიდებლობას – ეს სიკეთეა მათთვისაც და თქვენთვისაც.

ყურადღების, მეხსიერების, სმენისა და მეტყველების წვრთნა თამაშებით უნდა მოხდეს.
ძალიან დაგეხმარებათ შესაბამისი სავარჯიშოების კეთება, მაგალითად მონტესორის სავარჯიშოების კრებული, კიდევ ბევრი მსგავსი არსებობს ქართულ რეალობაში, სწორედ ამ ფუნქციებს გაავარჯიშებს, ამასთან ერთად ბავშვი მიეჩვევა საწერ მაგიდასთან ჯდომას გარკვეული დროის განმავლობაში. დაიწყეთ პატარა ინტერვალებით, ჩართეთ შესვენებები, გამოიყენეთ ტაიმერი – ეს ეხმარება ბავშვებს ყურადღების კონცენტრაციაში, შეასვენეთ დავალებებს შორის, ჩართეთ მოტორული თამაშებიც დასვენების დროს. ამ მეთოდით ნელ-ნელა გაეცნობა პროცესს, რომელიც სკოლის გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.

სკოლაში შესვლისას ბავშვი ოპერაციული აზროვნების სტადიაში გადადის – საჭიროა ლოგიკური ოპერაციების (დათვლა, შედარება) წახალისება. ამ შემთხვევაშიც დათვლის პროცესი გახადეთ სახალისო, სასიამოვნო.

სასწავლო ნივთების წინასწარი გაცნობა, ფუნქციურად გამოყენება, ამცირებს შფოთვას ახალი გარემოს მიმართ.

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს მოტივაცია?

ბავშვში უნდა გაძლიერდეს შიდა მოტივაცია (ცნობისმოყვარეობა, სიამოვნების განცდა) და არა მხოლოდ გარე ჯილდო.

სასურველია, მშობელმა წარმოაჩინოს სწავლის მრავალმხრივი ღირებულება – ცოდნა, მეგობრები, გამოცდილება.

ხშირად ბავშვებს არ ესმით რატომ არის საჭირო და აუცილებელი სკოლაში წასვლა, სადაც სრულიად სხვა წესები, განრიგი და მოთხოვნებია. ეს იწვევს უარყოფით ემოციებს, შფოთვას და შესაძლოა პროტესტში აგრესიულ ქცევაშიც გადავიდეს. სწორედ ამიტომ იმის ახსნა თუ რატომ არის საჭირო სკოლაში სიარული მნიშვნელოვანია, ეცადეთ ეს ისე მოახერხოთ, რომ გაიზარდოს მისი შინაგანი მოტივაცია და სკოლა დაკავშირდეს სასიამოვნო მოვლენებთან.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სტრესის მართვა?

ტრანზიციული ობიექტი – პატარა სათამაშო, საყვარელი ნივთი ეხმარება ბავშვებს ახალ გარემოში უსაფრთხოების განცდის შენარჩუნებაში.

სუნთქვითი სავარჯიშოები – თვითრეგულაციის მარტივი მეთოდები.

მშობლის ემოციური მოდელირება გადამდებია – მშობლის სიმშვიდე გადამდებია, შესაბამისად – მშობლებო, გთხოვთ იზრუნეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, ეს თქვენს შვილებსაც ძალიან დაეხმარებათ. თუ ღელავთ და შფოთავთ მიმართეთ სპეციალისტს შესაბამისი რეკომენდაციებისთვის.

Dio magti 5g