2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით გაიზარდა და 888.7ლარი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკაში, რომლის პრეზენტაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 20.2 პროცენტითაა გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, 6.5 მილიონიდან 4.1 მილიონი იყო ტურისტული ვიზიტი, ხოლო ექსკურსიული – 2.4.