LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც ყველაზე მეტად მიყვარს – სცენა, აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში“ – სოფო ბათილაშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

32
sofobatilashvilivizitori

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი და ტელეწამყვანი სოფო ბათილაშვლი, რომელმაც პროექტ „მხოლოდ ქართულის“ შესახებ ისაუბრა და მსმენელს სამომავლო გეგმებიც გაანდო. 

როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი, რა შეიცვალა?

საერთოდ მოვწყდი ჩემს პროფესიას, პუბლიკას, პატარ-პატარა პროექტებზე კი ვმუშაობ, მაგრამ მთავარი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს – სცენა, აღარ არსებობს ჩემს ცხოვრებაში.

„მხოლოდ ქართულის“ შემდეგ რა შემატე შენს კარიერას?

რაც კარიერას შეეხება, უცხოური სიმღერები შევასრულე. იყო ძალიან საინტერესო კოლაბორაციები ალეკო ბერძენიშვილთან. პანდემიის პერიოდში ჩავწერეთ სიმღერა, გადავიღეთ კლიპი, ეს იყო პრექტის  შემდეგ ჩემი პირველი სერიოზული საჯარო შეხება ინგლისურ სიმღერებთან.

რაიმე საინტერესო ნიჭი თუ აღმოაჩინე?

ახალი არაფერი აღმომიჩენია, ერთადერთი ტელეწამყვანობას შევეჭიდე. ოცნება ამიხდა, ბავშვობიდან მინდოდა ერთხელ მეცადა და გადაცემა წამეყვანა. როცა დამირეკეს და მითხრეს, გადაცემის წამყვანად გვინდიხარო, ძალიან გამეხარდა, შემდეგ კი ცოტა შიში შემომეპარა. მე ხომ ბევრი სისულელის ლაპარაკი მიყვარს და ფილტრი არ გამაჩნია. ვიფიქრე, იქ რომ რამე წამომცდეს, პირდაპირი ეთერიდან ვერავინ ვერაფერს ამოჭრისთქო. ახლა კი საერთოდ აღარ ვღელავ. პირველი შემფასებლები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. თავიდან მეუბნებოდნენ, რომ ზედმეტად აქტიური ვიყავი, თუმცა შემდეგ დავსტაბილურდი და ოქროს შუალედისკენ გადავიხარე.

თუ დაკვირვებიხარ, ყველა მომღერალი საბოლოოდ ტელევიზიაში ინაცვლებს, რას იტყვი ამაზე?

არა, ეს ჩემ შემთხვევაში შეუძლებელია, ჩემი მთავარი სიყვარული არის მუსიკა. შეიძლება დრო სხვადასხვა რამეს დავუთმო, მაგრამ ჩემთვის მუსიკა მთავარია. შეიძლება მუსიკა დავტოვო მე, მაგრამ ის მე არასდროს დამტოვებს, ის შიგნიდან მაქვს.

რა შეგრძნება იყო „მხოლოდ ქართული 2“-ის დროს სხვა ადამიანების გულშემატკივრობა?

კი უცნაური იყო, როცა მანამდე მე ვიდექი მათ ადგილზე, ახლა გვერდიდან ვგულშემატკივრობდი, მათ რჩევებს ვაძლევდი, ყველაზე კარგად მესმოდა მათი. თითოეულ გამოხედვაში ვგრძნობდი, ვის რა მომენტში რა პრობლემა ჰქონდა. იმ რჩევებს ვაძლევდი, რაც მეც მეხმარებოდა, როცა მათ ადგილზე ვიდექი.

მახსოვს ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა პროექტის მსვლელობისას, კონსტანტინე კარანაძესა და შენზე საუბრობდნენ, ახლა გაქვთ კონტაქტი?

არა კონტაქტი არავისთან მაქვს, მხოლოდ სოციალური ქსელის დახმარებით. რაც მაყურებელს უნდოდა, სწორედ ის ურთიერთობა გვქონდა მე და კონსტანტინეს. გული მწყდება იმის გამო, რომ ასე დავიკარგეთ, თუმცა ახლო მეგობრებსაც ვერ ვნახულობ ხოლმე, ასე რომ ჩვეულებრივი ამბავია. ალბათ ყველას თავისი საქმე აქვს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პროექტის მონაწილეებს მართაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა.

გაგრძელდება თუ არა „მხოლოდ ქართული?“

კი, რა თქმა უნდა გაგრძელდება, უნდა გაგრძელდეს, ახალი სახეც უნდა მიიღოს, კულუარული ინფორმაციები მაქვს. კორონავირსი რომ დამთავრდება, პროექტი აუცილებლად დაბრუნდება. ახლა მე გარდა ჟურნალისტიკისა სამსახიობო პროფესიასაც შევეჭიდე, მიუზიკლზე ვმუშაობთ, გიორგი ცხადაძემ და მე ბრავო რეკორდსში“ 10 სიმღერა ჩავწერეთ. ტრეკები ჯერ დამუშავების პროცესშია, ბოლოს კი ალბომის სახესაც მიღებს.

ვისთან ერთად ჩაწერდი დუეტს მსოფლიო მასშტაბით?

აი, ემი უაინჰაუსი ცოცხალი რომ იყოს, მასთან ჩავწერდი დუეტს დიდი სიამოვნებით.

რას ინატრებდი და როგორია შეყვარებული სოფო?

ვოცნენობ, რომ მეტი სიყვარული  გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ერთმანეთთან უამრავი საერთო გავქვს. მეტ სიყვარულს ვინატრებდი მთელს პლანეტაზე. როცა შეყვარებული ვარ ალბათ ბევრად უფრო პოზიტიური, მოტივირებული და ემოციური ვხდები. ჩემში ორი სოფო ცხოვრობს, ხან დეპრესიული ხან არა და ეს ორი სოფო ეჭიდება ხოლმე ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები