რადიკალიზმი, დესტრუქციულობა დღევანდელ რეალობაში პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა – გმირობად, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, რომელსაც პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ.
ღარიბაშვილის თქმით, გამოწვევაა, რომ მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან, სათანადო პასუხი არ გაეცა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში, ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც ი”მაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა.”
“საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება,” – აღნიშნა ღარიბაშვილმა
მისი აზრით,საზოგადოებას უნდა შეექმნას გრძელვადიანი პერსპექტივის მკაფიო სურათი და რწმენა იმისა, რომ საერთო შრომით უკეთესს მომავალს საფუძველი ეყრება. პრემიერობის კანდიდატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, “მარგინალური პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები მხარდაჭერას ვეღარ ჰპოვებენ“.