რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი პირადი საზღვრები ურთიერთობაში – ამის შესახებ გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.
რაში გვეხმარება ჯანსაღი პირადი საზღვრები?
ურთიერთობაში რომანტიკულ პარტნიორთან, ოჯახის წევრთან, მეგობართან თუ კოლეგასთან, ჯანსაღი პირადი საზღვრების დაცვა ურთიერთობების განმტკიცებაში, არაჯანსაღი კავშირების თავიდან აცილებაში, თვითშეფასებისა და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.
როდესაც გვესმის ეს სიტყვა „საზღვრები“, ჩვენს წარმოდგენაში ეს არის კედელი, რომელიც სხვა ადამიანებისგან გვმიჯნავს და ასეც არის, თუმცა ეს საზღვრები აუცილებლად ცუდი არ არის. პირიქით, სინამდვილეში, მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ჯანსაღი და ბალანსირებული ურთიერთობისთვის. ის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი იდენტობის, მენტალური ჯანმრთელობის და ფიზიკური კეთილდღეობისთვის.
როგორი უნდა იყოს პირადი საზღვრები?
პირადი საზღვრები შეიძლება იყოს ფიზიკური, მაგალითად, პირად სივრცეში, ოთახში შემოსვლამდე დაკაკუნება ან ტელეფონში არ ჩახედვა და ფსიქოლოგიური – იმის მიღება რომ შენი მიზნები და ოცნებები შეიძლება არ ემთხვეოდეს პარტნიორის, მეგობრის ან თუნდაც შვილის მიზნებს. გარდა ამისა, არსებობს, ემოციური, ფინანსური, სექსუალური და დროითი საზღვრებიც.
ურთიერთობებში ჯანსაღი საზღვრები ემსახურება:
რატომ არ გამოგვდის საზღვრების დაცვა?
ამის მიზეზი შეიძლება იყოს კონტროლის სურვილი, უარყოფის შიში, შეზღუდვების დაწესების ნაკლები გამოცდილება, ზედმეტად დამყოლი ხასიათი, არაჯანსაღი თვითშეფასება და ა.შ.
ასევე უნდა ვიცოდეთ რომ დროთა განმავლობაში ეს საზღვრები შეიძლება შეიცვალოს, გარემოებებიდან გამომდინარე და ესეც ნორმალურია.
პირადი საზღვრები იწყება თვითცნობიერებით, ჯერ ჩვენ უნდა გავერკვეთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და შემდეგ ღიად ვისაუბროთ ამაზე ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. საკუთარ ემოციებზე დაკვირვება და ამაზე კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემა, ასევე დაგვეხმარება როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან ჯანსაღ ურთიერთობაში.