LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს”კარგი სკოლა” – გამოცდებში მიღებულ მაღალ ქულას, თუ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას

139

რისთვის გვჭირდება სკოლა – მსჯელობა ამ საკითხის ირგვლივ არის  განთლების სისტემის შეცვლისა და დახვეწის ფარგლებში,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  სადისკუსიო თემა, რომელიც დღესდღეობით, ფაქტიურად მსჯელობის მიღმა რჩება –  ამის შესახებ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას, ექსპერტმა განათლების საკითხებში, გიორგი გახელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, სამწუხაროდ, მშობლები, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები და მოსწავლეებიც, სკოლის განათლების ხარისხს ზომავენ გამოცდაში მიღებული შედეგით და არა იმის მიხედვით, რამდენად მოამზადა სკოლამ მოსწავლე დამოუკიდებელ,  კრიტიკული აზროვნების მქონე მოქალაქედ, რამდენად შეუწყო ხელი მის ინდივიდად ჩამოყალიბებას.

როგორც გიორგი გახელაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სკოლებში, სავალდებულო საგაკვეთილო ცხრილისა და სასწავლო მასალის გადატვირთულობა, 7-8 წელია დღის წესრიგში დგას.

ექსპერტის შეფასებით, კარგია განათლების სამინისტროს ინიციატივა, მე-7-9 კლასებში განტვირთოს სასწავლო მასალა, თუმცა  უბრალოდ სასწავლო მასალის მექანიკური გადაადგილება, საშუალო კლასებიდან მაღალ კლასებში, მოსწავლისთვის სწავლას უფრო საინტერესოს ვერ გახდის.

პირველ რიგში, თვისობრივად განსაახლებელია სასწავლო გეგმები, რომელიც უნდა პასუხობდეს 21-ე საუკუნეს.

„ყველაზე მთავარი და კარგი, რაც უნდა გააკეთოს სამინისტრომ, ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი კლასიფიკაციით, ტრადიციულიდან  ახალ, თანამდროვე მოდელზე გადაიყვანოს.

ამ საუკუნის ახალგაზრდებისთვის არაფრის მომცემია ისეთი საგნების სწავლება, როგორიც არის ჩვენთან დამკვიდრებული ფორმით – ქიმია, ბიოლოგია, ისტორია ან თუნდაც ქართული ენა და ლიტერატურა,   რადგან მეცნიერება იცვლება თავად, თანამედროვე სწავლების სისტემაში სულ სხვა მიდგომაა საჭირო „ – აღნიშნა გიორგი გახელაძემ.

„ეროვნული სასწავლო გეგმა სავალდებულო საათობრივი ბაზით და სხვადასხვა რეგულაციით, არ უტოვებს საშუალებას სკოლებს, თავისზე მორგებული, სწავლების დიფერენცირებული ფორმა მიაწოდოს მოსწავლეებს. მსგავსი ადმინისტრაციული ბერკეტების შეცვლა კი აუცილებლად მისცემს შვებას მოსწავლეებს“ – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე განცხადებით, სასწავლო გეგმას მთლიანი ტრანსფორმაცია სჭირდება; მნიშვნელოვანია კონკრეტული სკოლის მოსწავლეების საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე  მოქნილი სასწავლო გეგმების შედგენა. ეს უნდა იყოს მთავარი მიმართულება, რაც სამინისტროს უფრო გაუადვილებს ამოცანის განხორციელებას.

„დღეს საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სასწავლო წელი და საკმაოდ გრძელი სასწავლო დღე, ბევრი სავალდებულო ინფორმაციით, რაც აბსოლუტურად  არაფექტურია,  როგორც აკადემიური დანიშნულებით, ასევე სამოქალაქო-სოციალური აღზრდის დანიშნულებით“ – დასძინა გიორგი გახელაძემ.

 

ავტორი ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები