ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს შემთხვევაში შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაასტაბილუროს.
„საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.
ამასთან, ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს,“ – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, არსებული სიტუაცია საქართველოს ნატოსთან, სავარაუდოდ, აშორებს. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატო-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი.
„მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატო-ში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს“- აღნიშნა რასმუსენმა.