LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა უპრეცედენტოა მსოფლიო მასშტაბითაც

73
რატი ბრეგაძე

„სააკაშვილის, როგორც პატიმრის, შემოსახლების დღიდან ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობაზე, ისე მის უფლებრივ მდგომარეობაზე. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არათუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს არავის,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანისას არავითარი საფრთხე არ შეიქმნება.

როგორც მინისტრმა განმარტა, პატიმრის გადაყვანის დროს მუშავდება რამდენიმე სცენარი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას. ბრეგაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე სრული მზადყოფნა და ის, ვინც ასეთ დროს ხელის შეშლას გაბედავს, იქნება დამნაშავე და პასუხს კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით აგებს. მინისტრის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მათ შესაძლებლობას აძლევთ, გარკვეული საფრთხეების გამორიცხვა, პრევენციულად მოახდინონ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ, დაახლოებით, 500-600 ადამიანზე იყო საუბარი, რომ მათ მოეხერხებინათ ჩვენთვის ხელის შეშლა, როდესაც დავაპირებდით მის გადაყვანას სხვა დაწესებულებაში. ეს გეგმა მათ ჩაუვარდათ და რომც დაეპირებინათ – აქვე მინდა, მათ გასაგონად ვთქვა: როდესაც ჩვენ ვახორციელებთ პატიმრის გადაყვანას, აბსოლუტურად ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ; ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მკაცრი. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით. სულ რომ გამოიყვანონ რამდენი ხალხიც უნდათ, იმდენი, დამნაშავე იქნება ამ შემთხვევაში ყველა. ჩვენ მას ვერტმფრენითაც გადავიყვანთ და იქ, ბუნებრივია, ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. როგორც უკვე ვთქვი​, ვერტმფრენითაც გადავიყვანთ №18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას, დღემდე, 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არც ერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. ბრეგაძის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს რეანიმობილი, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკანთან მორიგეობს ორი ექიმი. მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაშია ტექნიკაც, რომ ადგილზევე იყოს შესაძლებელი დახმარების აღმოჩენა.

„სააკაშვილის, როგორც პატიმრის, შემოსახლების დღიდან ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობაზე, ისე მის უფლებრივ მდგომარეობაზე. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არათუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება, მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს არავის. ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს.

ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს პატიმარ სააკაშვილს, 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა უკვე. ჩვენ ყველას ვუშვებთ, რომ მოინახულონ და ნახონ, რა პირობებშია ის. ჩვენ რომ მწამებლები ვიყოთ, ჩვენ რომ გვინდოდეს მისი უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, შევუშვებდით ამდენ ხალხს მის სანახავად? არცერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. ჩვენ პრევენციისთვის ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მუდმივ რეჟიმში მორიგეობს ციხის ეზოში რეანიმობილი და მისი საკნის გადაღმა – ორი ექიმი.

ასევე, შეტანილია სპეციალური აპარატურა და თუკი რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას ჯანმრთელობის მხრივ, ადგილზევე აღმოუჩინონ დახმარება. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს, რომ მისი რომელიმე უფლება ირღვევა, მისი უფლებები არის ზედმიწევნით დაცული და ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევაში – ეს არის ყველა პატიმრის შემთხვევაში. ნამდვილად საამაყოა დღეს ის მდგომარეობა, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g