LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ არ ჩადიხართ უკრაინაში? არის რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო? რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის რუკები?“ – დეპუტატების კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს

38
Untitled design (7)

„მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებენ და მას კითხვებით მიმართავენ.

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საგარეო საფრთხეებთან გამკლავება – რა თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას

ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებთ, მიიჩნევს თუ არა საქართველოს პირველი დიპლომატი რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რას ფიქრობს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე, როდესაც მათ ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელი და რა სახის ნაბიჯებს დგამს საგარეო უწყება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი – ელისაშვილი მინისტრს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ ილია დარჩიაშვილს ჰკითხა – აღიარებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად:

„ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დამატებითი პუნქტი რომც არ ყოფილიყო, „ქართული ოცნების“ წევრებისგან დაკომპლექტებულ საპარლამენტო დელეგაციას შესაძლოა ეთქვა, ომი არ გვინდოდა და ხმა იმიტომ არ მივეცითო, ამისთანა საბაბს რამდენსაც გინდათ გამოძებნიდა, იმ ანდაზის არ იყოს: „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.

ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ცხადდება და მისგან მოთხოვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ აწერს. ამ გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნიან, რომ რეზოლუციის დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული. ცხადია, ეს არ შეიძლება ნამდვილი მიზეზი ყოფილიყო.

ბატონო მინისტრო, თქვენ როგორ აფასებთ, რეზოლუციაზე საპარლამენტო დელეგაციამ ხელი რომ არ მოაწერა? როგორ აფასებთ, არა როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე, არა პარტიული თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი ხედვით. პირადად, თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად? გეკითხებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, პარტიული პასუხისთვის ნუ შეწუხდებით“, – განაცხადა ჩხეიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ საგარეო საქმეთა მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიხსენა და ჰკითხა, რატომ არ ისაუბრა მასთან დავით გარეჯის საკითხზე:

„თქვენ ახსენეთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდით. რატომ არ გქონდათ მასთან დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი? ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორი უდანაშაულო მეცნიერი დააპატიმრეს, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა. რა ნაბიჯი გადაიდგა დავით გარეჯთან დაკავშირებით, გისაუბრიათ თუ არა თქვენს კოლეგასთან აზერბაიჯანში და რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ.

სად არის რაიმე ნაბიჯი? ორი წლის განმავლობაში იქ მდგომარეობა გაუარესდა, დგას სასაზღვრო ჯარი, მაშინ როდესაც მანამდე გარეჯში მისვლა ყველას შეეძლო,  როგორც სასულიერო პირებს, ასევე ტურისტებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძემ ასევე იკითხა – რატომ არ ჩავიდა უკრაინაში საქართველოს მთავრობიდან არავინ:

„თქვენ ალბათ იცით, რომ კიევში გაიხსნა ქუჩა, რომელსაც „გამბედაობის ხეივანი“ ჰქვია. ამ ხეივანში გამოსახულია იმ ლიდერების გვარი და სახელი, რომლებიც რუსეთის აგრესიის დროს კიევში ჩავიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ამ ქვეყანას. პირველი ეს ვარსკვლავივით გვარი, რომელიც ამოიკვეთა, იყო პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა. შემდეგ მას დაემატა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლატვიის პრეზიდენტი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ა.შ. ეს გმირობის ხეივანი საქართველოსთვის გადაიქცა სირცხვილის ხეივნად.

იქ პატარა ქუჩა უნდა გააკეთონ, სადაც იქნება დერეფანი და ამ სირცხვილის დერეფანში თუ ვინმეს გაატარებენ ევროპის ქვეყნებიდან, ერთადერთი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მისი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

გეკითხებით, რატომ არ ჩახვედით უკრაინაში; რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან? მინისტრები რომ არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა? ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა? ჩავიდა კი არა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ აქ და როგორც იქნა, ჩავიდა. რას ეუბნებით ევროპას, საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთს რას ეუბნებით? საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის. თქვენი მოადგილე რატომ არ გაუშვით? სიმბოლური აქტი მაინც რატომ არ გააკეთეთ“, – ჰკითხა გოცირიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს.

ილია დარჩიაშვილის მოხსენება შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაც და აღნიშნა, რომ მინისტრის გამოსვლა უცნაური იყო: 

„უცნაური გამოსვლა იყო. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი, რაც დასრულდა იმით, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, თქვენ შეეცადეთ, წარმოგეჩინათ, როგორც წარმატება. არ ვიცი, თავს იტყუებთ თუ ჩვენ გვატყუებთ“, – თქვა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა, ილია დარჩიაშვილი, სხვა გუნდის შემთხვევაში კარგი მინისტრი ყოფილიყო, მაგრამ ახლა ბევრი მათგნი ხედავს, რომ ქვეყანა ხელიდან უშვებს შესაძლებლობებს და ეს სამწუხაროდ ასეა.

კახაძე: შევთავაზოთ მსოფლიოს, რომ საქართველოში შეიქმნას უძველეს ქალაქთა შემსწავლელი ცენტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g