LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვები“: „ჩვენი მიზანია, დავწეროთ სიმღერა, რომელზეც მთელი დედამიწა იცეკვებს!..“

294

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ აქტიურად ემზადება 8 მარტს „სფეისჰოლში“ დაგეგმილი კონცერტისთვის. ბიჭები ნერვიულობენ… მათთვის ეს საპასუხისმგებლო დღეა და ამ კონცერტში ყველანაირი რესურსი ჩადეს. „რეზო და ბავშვების“ ოთხ წევრს კლუბში „10/11“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

რეზო ბლიაძე:

კონცერტისთვის ვემზადებით, რადგან გასულმა ზაფხულმა აჩვენა, რომ ჯგუფზე მოთხოვნა არის და ეს ძალიან სასიამოვნოა. კარგია, როცა ასეთი პატივი გაქვს, როცა შენს სიმღერებს მღერიან, როცა ადამიანები მოდიან შენს კონცერტებზე და ამაში ფულს იხდიან, ამისი პრეცედენტები იყო… ასეთ დროს ხვდები, რომ რაღაც დაიძრა. გვინდა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვოთ, რომ უფრო მოტივირებულად გავაგრძელოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. შევეჭიდეთ „სფეისჰოლს“, სადაც კონცერტის ჩატარება, არ დაგიმალავთ და იაფი არ არის, მაგრამ ბევრი ხალხი ეტევა, კარგი ჟღერადობა შეიძლება იყოს, ასე რომ, 8 მარტს აქ „რეზო და ბავშვები“ კონცერტს ვმართავთ. ჩვენი სახელწოდებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ჰგონიათ, რომ არ ვართ დიდების ბენდი, მაგრამ ეს ტყუილია… ჩვენ 8 მარტს დავამტკიცებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მაგრად და სწორად დაკვრა. რაც მთავარია, სცენაზე ჩვენი სიმღერებით გამოვდივართ.

ლაზარე ადამია:

შესრულდება როგორც ძველი სიმღერები, ჰიტები, ასევე ოთხი ახალი სიმღერის პრემიერაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კომპოზიციას ახლებური ჟღერადობით, არანჟირებით წარმოვადგენთ. ვუპასუხებთ თანამედროვე მოთხოვნებს, ვეცდებით, ახლა რა ტენდენციებიც არის მსოფლიო მუსიკაში, ასეთი ტიპის ვერსიები გავაკეთოთ.

რეზო:

ხმის რეჟისორი გიორგი გვარჯალაძე, იგივე გვაჯი გაახმოვანებს კონცერტს. მის განკარგულებაშია „ჯეო ვოისი“ თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობებითა და აპარატურით. საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნიკა აქვთ, რასაც ვამატებთ იმას, რაც „სფეისჰოლში“ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში მაქსიმუმი დავდოთ გახმოვანების კუთხით.

ლაზარე:

რაც სულ არის პრობლემა. მსმენელს ყოველთვის აქვე პრეტენზია. თავიდანვე, სანამ რეპერტუარს ჩამოვწერდით, რეზომ და ლელომ დაიწყეს ფიქრი, როგორი საუნდი უნდა ყოფილიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ლელო ხოტივარი:

ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია, რომ არასდროს არ არის კარგი საუნდი და თუკი სადმე კარგი ჟღერადობაა, უკვირთ. შესაბამისი ჟღერადობა ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. ჩვენთვის მთავარია, რომ მსმენელმა თქვას, ჯამში რა მაგარი კონცერტი იყოო. აქცენტი არის ჩვენს რეპერტუარზე, დაკვრისა და სიმღერის სტილზე, რაც ინდივიდუალურია. ეს არის თვისებები, რაც სხვას არ აქვს – რეზო მღერის ისე, როგორც მღერის და ისე, როგორც არ მღერის სხვა არავინ. ისე, როგორც ლაზარე უკრავს, არავინ სხვა არ უკრავს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვინდა, იყოს. გვსურს, იყოს გამართული რეპერტუარი, შესრულების ტექნიკა და ჟღერადობა. ჩვენ, ძირითადად, საავტორო სიმღერები გვაქვს. ერთადერთი ქავერია, ირაკლი ჩარკვიანის „მონატრება“, რასაც შევასრულებთ. ვერ ჩამომითვლით ბევრ ჯგუფსა და შემსრულებელს, რომელსაც სოლოკონცერტზე მხოლოდ ერთი ქავერი ექნება წარმოდგენილი. ყველა პროფესიონალი, ვინც ამ კონცერტში იქნება ჩართული, განაპირობებს კომფორტს, რაც ჩვენი ინდივიდუალიზმის, ნამღერისა და დაკრულის წარმოჩენის საშუალებას იძლევა. ძალიან კარგად ხვდება მსმენელი, თუკი რაიმე ხარვეზი გაქვს. არავინ დაგიწყებს იმის ახსნას, რა არ მოეწონა, უბრალოდ, იტყვის, რომ ცუდი კონცერტი იყო და შენ, არტისტი, ასეთ დროს – წააგებ.

ლაზარე:

მსმენელი მაინც ავლებს პარალელს, ბევრი ინფორმაცია აქვს ინტერნეტიდან და მოთხოვნა ძალიან მაღალია. ვერაფერს გამოაპარებ ქართველ მსმენელს, ძალიან ჭკვიანი მსმენელია.

ლელო:

რაც მთავარია, ზედმეტად პრეტენზიულები არიან. სამ ჭიქას დალევენ და ვიღას აინტერესებს შენი დაკრულიო, რომ ამბობენ, არ არის მართალი. ათი ჭიქის მერეც მშვენივრად ესმით ფალში და რომელი სიმღერა ვერ შეასრულე კარგად. როცა გაღიმებულ სახეებს სცენიდან უყურებ, გგონია, რა მაგარი კონცერტი მიდისო, მაგრამ ასე არ არის.

რეზო:

მოთხოვნის გაზრდამ აჩვენა, რომ ხარისხზეც არის მოთხოვნა. თვითცენზურისა და თვითშეფასების კრიტერიუმებმაც აიწია. ვფიქრობთ, მოდი, ნუ გავაკეთებთ 50 კონცერტს, რომელთაგანაც ათი არ იქნება ისეთი კარგი, ათი საშუალო იქნება და 30 კარგი. გვინდა, ათი კონცერტი გავაკეთოთ და ათივე ხარისხიანი.

ანუ კონცერტის წინ ღელვის მიზეზი გაქვთ…

ბექა:

ძალიან ვნერვიულობთ, ცალკეც და ერთადაც. ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს კონცერტში ჩართული. ეს არის ჩვენი მხრიდან ექსპერიმენტი, რომელიც ბევრ რამეს დაგვანახვებს. გასულმა ზაფხულმა გვანახა ის, რომ ლაივი კარგია, მაგრამ აუცილებელია ხარისხი. ეს არის კარგი მსმენელისთვისაც და ჩვენთვისაც. კარგია „მეგობარო“, ბევრი ნახვა აქვს, ვიღაცებს ქორწილებში უმღერიან გადაკეთებული ტექსტებით, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოწვევაა – მუსიკოსი უნდა განვითარდეს, სულ უნდა სცადო ახალი რაღაცები. ზაფხულში რაც ავიღეთ, ჩავდეთ ინსტრუმენტების შეძენაში. გვაინტერესებს, დაინახავენ თუ არა, რომ სხვა ჟღერადობაზე გადავედით?..

რეზო:

ჩვენ არ ვართ ის ჯგუფი, რომელსაც რაღაცები ლანგრით მიართვეს. ნაბიჯ-ნაბიჯ შრომით ვაღწევთ ყველაფერს. გვინდა, მსმენელიც გამოგვყვეს და ჩვენთან ერთად გაიზარდოს.

დღეს ჯგუფებს შორის რა ტიპის კონკურენციაა?

შესაძლოა, ვიღაცები მიიჩნევენ, რომ კონკურენცია არის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. ალბათ, უფრო „იუთუბზე“ ვართ მეტოქეები.

ლელო:

როგორ წარმოგიდგენია, რომ ჩვენი კონკურენტი იყოს მუსიკალური ბენდი, რომელიც მღერის სხვა თემებსა და სხვა ენაზე? მას სხვა მსმენელი ჰყავს და სხვა რაღაცით არის დაკავებული. მგონია, რომ ერთსა და იმავე კონცერტზე არ დაგვიძახებენ.  ბევრი სუპერპროფესიონალი მუსიკოსია ამ სფეროში, ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ჩემი აზრით,  მათმა ბენდმა ვერ გაამართლა…

რეზო:

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ბევრი ჩვენნაირი ბენდი არსებობდეს ბაზარზე. ჩვენ შემთხვევაში იმხელა მოთხოვნაა, თუკი სხვებზეც გადანაწილდება, უფრო მოტივირებულები ვიქნებით, უფრო მაგარი სიმღერები დავწეროთ და უკეთესი კლიპები გადავიღოთ. ეს ინდუსტრიას აამუშავებს, როდესღაც ხომ უნდა ამოძრავდეს ეს სფერო, გამოჩნდნენ არტისტები. დღეს უკვე არსებობს შანსი, რომ ჩვენი ქვეყნიდან რაღაც მაგარმა „გაარტყას“ და გავიდეთ უფრო დიდ მასშტაბზე. რა არის „განგნამ სტაილ“? ჩვენ ვოცნებობთ, რაიმე ისეთი „გავარტყათ“ და გავიდეთ მსოფლიო მასშტაბზე. თუ ჩვენ არა, მაგარი იქნება, თუკი ჩემი კასპელი ძმაკაცი „გაარტყამს“ და ის გააცნობს მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას.

ლელო:

ამას წინათ ავსტრალიელი გოგონა თავის მუსიკალურ ბლოგზე განიხილავდა „მეგობარო“-ს და შენიშვნებს გვაძლევდა. რომ ვნახე, უამრავი მიმდევარი ჰყავს. ზის ლეპტოპის წინ  და განიხილავს სხვადასხვა თემას, ერთ-ერთ თემაში აღმოვჩნდით ჩვენ. გვირჩია, ტექსტი გადათარგმნეთო. რა შეხება აქვს ავსტრალიელ გოგონას ჩვენთან? „ჩემი მეგობრები ზებრაზე გადადიან“ – ამას ვერ გაიგებს, მაგრამ მუსიკა მოეწონა.

რეზო:

ჩვენი მიზანია, დავწეროთ ისეთი სიმღერა, რომელზეც იცეკვებს მთელი დედამიწა. ეს არის ჩვენი ოცნება.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კლუბი: 10/11

 

 

 

 

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები